ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ განვითარებას - ალექსანდრე წულაძე

27 ნოემბერი 2024, 12:10 101 ნახვა

საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატს ალექსანდრე წულაძეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე უსმენენ.

ალექსანდრე წულაძემ სიტყვით გამოსვლისას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას განათლების ყველა საფეხურზე განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, განათლება საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენს, რაზეც მეტყველებს სამინისტროს ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი.

მისივე განმარტებით, 2025 წლიდან მოსწავლეების ეროვნული შეფასება დაიწყება. როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა ალექსანდრე წულაძემ პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ზოგადი განათლების ყველა საფეხურის ბოლოს მოსწავლეებს გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, რომელსაც მხოლოდ განმავითარებელი მიზნები ექნება და შედეგები მოსწავლის აკადემიურ შეფასებაზე არ იმოქმედებს.

„ჩვენი ხელისუფლებისთვის განათლების პრიორიტეტულობაზე მეტყველებს სამინისტროს ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი, რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში 300%-ით ანუ 4-ჯერ გაიზარდა. ხოლო, მომავალ წელს, ბიუჯეტი ისტორიულ ნიშნულს მიაღწევს და პირველად გადააჭარბებს 3 მილიარდ ლარს“, – აღნიშნა ალექსანდრე წულაძემ.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში სამთავრობო პროგრამა შემუშავებულია იმ პრინციპითა და სულისკვეთებით, რომ მან ხელი შეუწყოს ხელისუფლების მიერ დასახული ეროვნული ამოცანების წარმატებით შესრულებას, მათ შორის, ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული პიროვნების ჩამოყალიბებას.

ალექსანდრე წულაძემ ქვეყნის მასშტაბით ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა.

„ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, ქვეყნის მასშტაბით უზრუნველვყოთ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების, ეკონომიკაზე ორიენტირებული მეცნიერების და ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერება. ამ მიზნით, სამინისტრო მოწოდებულია, ნოვატორული, ჰოლისტური და შედეგზე ორიენტირებული მმართველობით უზრუნველყოს ისეთი სისტემის ფორმირება, რომელიც ორიენტირებული იქნება სამ ძირითად მიმართულებაზე: ყველა ბავშვის, მოსწავლის, სტუდენტისა და ახალგაზრდის პოტენციალის სრულ რეალიზებაზე. შესაბამისად, ყველა საფეხურის მოსწავლის რესურსის განვითარებაზე.

პედაგოგების, პროფესორ-მასწავლებლების, მეცნიერების, მკვლევრებისა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემაში მოღვაწე თითოეული პირის პროფესიული და კარიერული ზრდის ხელშეწყობაზე. ანგარიშვალდებულებასა და კარგ მმართველობაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ განვითარებასა და გაძლიერებაზე.

მსურს ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი პოლიტიკაა განათლების მიმართვა თითოეული ჩვენი თანამოქალაქის პოტენციალის განვითარებაზე, მასში ღირსებისა და ეროვნული ღირებულებების შეგრძნების გაღვივებაზე. ამავდროულად, თანამედროვე გამოწვევებისადმი დროულ და ადეკვატურ რეაგირებაზე და განათლებით ქვეყნის ეკონომიკური პროგრესისათვის საფუძვლის შექმნაზე. სწორედ ამიტომ, გვჯერა, რომ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროგრამა ზუსტად ასახავს იმ ხედვას და სტრატეგიულ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავლის შექმნას უზრუნველყოფს“, – განაცხადა წულაძემ.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში