გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა პრეზიდენტის თანამდებობა, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა კონსტიტუცია შეურაცხყო - მიხეილ ყაველაშვილი

27 ნოემბერი 2024, 11:25 131 ნახვა

გათვითცნობიერებული მაქვს რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენდა სამწუხაროდ, მოქმედმა პრეზიდენტმა პირდაპირ შეურაცხყო და უგულებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი, საქართველოს კონსტიტუცია, - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„მივესალმები სრულიად საქართველოს. პირველ რიგში დავიწყებ მადლობით. განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს - ჩვენთვის საამაყო
და გამორჩეულ პიროვნებას. ყოველთვის აღნიშნავდი, რომ ამაყი და ბედნიერი ვარ ასეთ რთული გამოწვევების ეპოქაში ქვეყნის დაცვა რომ მიწევს ამ ადამიანთან ერთად. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს ნდობა მომანიჭა. მადლობა ასევე ჩემს თანამებრძოლებს, უმრავლესობას, თითოეულ წევრს ამ ნდობისთვის. გათვითცნობიერებული მაქვს რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენდა სამწუხაროდ, მოქმედმა პრეზიდენტმა პირდაპირ შეურაცხყო და უგულებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი, საქართველოს კონსტიტუცია და დღესაც აგრძელებს მის დარღვევას.

 

აქედან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოება არის დაპირისპირებული, რადიკალიზაცია, პოლარიზაციაა გაღვივებული. ჩვენი არაკეთილისმსურველი „მეგობრები“ ეხმარებიან, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გამწვავდეს. აქედან გამომდინარე, მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი. სწორედ ზეპარტიული საზოგადოების გამაერთიანებელი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. ქართველებს საქართველოში არ გვესწავლება, რომ სიძულვილი ყოფს და აპირისპირებს ადამიანებს“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან საპასუხისმგებლოა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან გამართული  კონსტიტუცია და ძალიან საპასუხისმგებლოა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ყველაზე მთავარი მოცემულობა არის, რომ სწორედ ზეპარტიული, საზოგადოების გამაერთიანებელი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოში ქართველებს არ გვესწავლება, რომ სიძულვილი ნამდვილად ჰყოფს და აპირისპირებს ადამიანებს, ამის საპირისპიროდ სიყვარული არის გამაერთიანებელი. მე მინდა, დაგპირდეთ, უსაზღვროდ მიყვარს ჩემი სამშობლო და ქვეყანა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს საზოგადოება ეროვნული ინტერესების, იდენტობისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ გაერთიანდეს. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება მხარს დაგვიჭერს და უფრო მეტად ძლიერს გახდის ჩვენს საქართველოს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში