„ქართულმა ოცნებამ“ ზედიზედ მეოთხედ მიიღო ამომრჩევლის ნდობა, მადლობა ხალხს, რომელმაც თავი არავის არ მოატყუებინა - შალვა პაპუაშვილი

25 ნოემბერი 2024, 13:55 116 ნახვა

„ქართულმა ოცნებამ“ ზედიზედ მეოთხედ მიიღო ამომრჩევლის ნდობა, მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც თავი არ მოატყუებინა არავის და მხარი დაუჭირა იმ გუნდს, ვისი მთავარი საზრუნავიც საქართველო და მისი თითოეული მოქალაქეა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისუფალი, პირდაპირი და მტკიცე ნება, ვის ანდობდა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის მართვის სადავეებს.

"მოგესალმებით, ძვირფასო კოლეგებო, მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო, მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში. გავიმეორებ იმ სიტყვებს, რომლებიც სამი წლის წინ პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევისას ვთქვი: ეს პარლამენტი სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში, ჩვენთან ერთად, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან. ერთი თვის წინ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, ამ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი თავისუფალი, პირდაპირი და მტკიცე ნება, ვის ანდობდა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის მართვის სადავეებს. ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“, ზედიზედ მეოთხედ მივიღეთ ამომრჩევლის ნდობა და მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში სრული უმრავლესობა მოვიპოვეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც მორიგ ჯერზე ბრძნულად განჭვრიტა ვითარება, თავი არ მოატყუებინა არავის და მხარი იმ გუნდს დაუჭირა, ვისი მთავარი საზრუნავიც საქართველო და მისი თითოეული მოქალაქეა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოში რევანში ვერ შედგა და ვერც ვეღარასდროს შედგება, ვერც ხალხისა და ისტორიის მიერ გასამართლებული ფიგურების და ვერც მათ ფრთებქვეშ გამოზრდილი ფერნაცვალი სუბიექტების მიერ.

„რაც მთავარია, საქართველოში, ვიდრე „ქართული ოცნება“ მყარად დგას, ვერ მოხდება გარე ძალების მიერ მართული, ცალ ფეხზე მდგომი ხალხით დაკომპლექტებული, ნაირ-ნაირი სახელებისა და სათაურების ქვეშ შექმნილი პარტიების თარეში. ამ არჩევნებზე ჩვენ დავუპირისპირდით სწორედ ასეთ, გარედან მართულ, კოორდინირებულ და ერთიან ძალისხმევას. სწორედ ამიტომ, ეს იყო და არის ბრძოლა დავითისა და გოლიათისა, სადაც გაიმარჯვა სიმართლემ, გონიერებამ და სამშობლოს სიყვარულმა. რადგანაც ჩვენ ვდგავართ ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის მხარეს.

,,უცხოეთი თუ გეტყვის, ცალ ფეხზეც უნდა დადგე“ – რადიკალურ ოპოზიციაში ამის მთქმელი და ამგვარად მოაზროვნე არაერთი ადამიანია. უცხოეთის ყალბი ელვარებისაგან თვალმოჭრილი ოპონენტები საკუთარ უფალს უგულებელყოფენ, წინაპართა დანატოვარს არად დაგიდევენ, ყველაფერს უცხოს კი ვნებით შესტრფიან. სწორედ ამიტომაა, რომ მათ არც უფიქრიათ და არც ესმით თუ რა არის მათი ეროვნული ინტერესი და რა არის სხვისი. მათთვის სამყარო არ იყოფა ჩვენებად და უცხოებად, საკუთრად და სხვისად. ნაცვლად ამისა თანამედროვე პოლიტიკას ინფანტილურად კარგებისა და ცუდების კატეგორიებით ზომავენ. სწორედ ამიტომაა ჩვენი მთავარი მტერი პირველ რიგში უმწიფრობა და ინფანტილიზმი, რისი შედეგებიც საკუთარ თავზე არაერთხელ გვიწვნევია. საბედნიეროდ, საქართველოში დადგა დრო მეტი ფიქრის, განსჯის, წინდახედულობის, მეტი გონიერებისა და შორსმჭვრეტელობის, სიბრძნისა და გამჭრიახობის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში