2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 80 882.8 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 11%-ით მეტია - "საქსტატი"

15 ნოემბერი 2024, 11:44 276 ნახვა

"საქსტატი“ მთლიანი შიდა პროდუქტის 2023 წლის მონაცემებს აქვეყნებს. „საქსტატის“ ცნობით, დაზუსტებული მონაცემებით 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 80 882.8 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 11.0 პროცენტით აღემატება.

მათივე ცნობით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2023 წელს, წინა წელთან შედარებით 7.8 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2023 წელს 2.9 პროცენტით განისაზღვრა.

"მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (16.0 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.6 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.6 პროცენტი), მშენებლობა (7.6 პროცენტი), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (6.9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო

სოციალური უსაფრთხოება (6.7 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.1 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (6.0 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.0 პროცენტი).

2023 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (17.8 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (27.5 პროცენტი), მშენებლობა (15.0 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (15.6 პროცენტი), განათლება (18.0 პროცენტი),

ტრანსპორტი და დასაწყობება (12.3 პროცენტი). კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (3.4 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (19.6 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (2.0 პროცენტი)“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში