სექტემბერში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს კვლავ ევროკავშირის ქვეყნები და აშშ წარმოადგენდა - ეროვნული ბანკი

08 ნოემბერი 2024, 15:20 299 ნახვა

სექტემბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 1.1%-ით დაიკლო და 283.4 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 16.4%-ით 33.9 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, -  აღნიშნულია ეროვნული ბანკის  ანგარიშში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლიურად ფულადი გზავნილების მცირედი კლება საბაზო ეფექტის ამოწურვას უკავშირდება.

„სექტემბერში, რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 40%-ით, 36 მილიონ აშშ დოლარამდე, შემცირდა. თუმცა, მაღალი ტემპებით, 17.7%-ით ზრდას განაგრძობდა აშშ-დან და 20.4%-ით ისრაელიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები. ასევე, დანარჩენი ქვეყნებიდან, როგორიცაა ყირგიზეთი და გაერთიანებული სამეფო, გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ ზრდადია (111.5%-იანი და 16.9%-იანი მატება, შესაბამისად). კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, იტალიიდან და გერმანიიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდას. სექტემბერში, რეგიონის ქვეყნებიდან, კერძოდ თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან გადმორიცხულმა თანხებმა დაიკლო (3.1%-იანი და 15.8%-იანი კლება). უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ მინიმალურ დონეზე რჩება. სექტემბერში, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები - 45.6%-იანი წილით, აშშ -17.3%-იანი წილით და რუსეთი - 12.6%-იანი წილით წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში