დონალდ ტრამპის გამარჯვება აიძულებს ევროპას, გადახედოს უკრაინის მხარდაჭერას, – ეს განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გააკეთა.
„თუ აშშ-ში მშვიდობის მომხრე პრეზიდენტი იქნება, რისაც მე არა მხოლოდ მჯერა, არამედ რიცხვებშიც ასე ვკითხულობ, თუ მოხდება ის, რასაც ველოდებით და ამერიკა გახდება მშვიდობის მომხრე, მაშინ ევროპა ვერ დარჩება ომის მომხრე“, – განაცხადა ორბანმა.
ორბანის ინფორმაციით, უკრაინის საკითხი მთავარი თემა იქნება მომავალ კვირას, ბუდაპეშტში დაგეგმილ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრასა და ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე.
„ევროპას არ შეუძლია ომის ტვირთის მარტო ტარება და თუ ამერიკელები მშვიდობისკენ შემობრუნდებიან, მაშინ, ჩვენც უნდა შევეგუოთ ამას. სწორედ, ამაზე ვისაუბრებთ ბუდაპეშტში“, – განაცხადა ორბანმა.