ჩვენს ამომრჩეველს კარგად ვიცნობთ და სიმართლე გითხრათ, არ მგონია, კარავში შევიდნენ - ნათია მეზვრიშვილი

01 ნოემბერი 2024, 16:24 179 ნახვა
 

ჩვენს ამომრჩეველს კარგად ვიცნობთ და სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ისინი კარავში შევიდნენ, თუმცა თუ გადაწყვეტენ, რომ აქციებში უნდა ვიყოთ, ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთას შევასრულებთ, - ამის შესახებ პარტია „გახარია  საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციას ეხმარება როგორც მტკიცებულებების შეგროვებაში, ისე საორგანიზაციო საკითხებში.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩვენ როგორც შეგვიძლია, მაქსიმალურად  ვეხმარებით ოპოზიციას, მათ შორის ვეხმარებით მტკიცებულებებით, იმ მტკიცებულებებით, რომლებიც ჩვენმა საარჩევნო გუნდმა მოიპოვა. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება, სადაც ჩვენი ამომრჩეველი ჩათვლის, რომ საჭიროა ყოფნა, რათა ჩვენ დავიცვათ ხმები და მოპარული ხმები უკან დავაბრუნოთ. ეს არის ახლა ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა. კარგად ვიცნობთ ჩვენს ამომრჩეველს და სიმართლე გითხრათ, არ მგონია, ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს. თუმცა ჩვენი ამომრჩეველი თუ გადაწყვეტს, რომ აქციებში უნდა ვიყოთ, ბუნებრივია, შევასრულებთ ჩვენი ამომრჩევლების დაკვეთას. ასე იყო წინაზეც, წინა აქციაზეც ჩვენ მივედით.

კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა დეტალებში შეიძლება იყოს განსხვავებები, ჩვენ ასევე გვაქვს მნიშვნელოვანი ხაზი, რომელსაც მივყვებით და არ ვაპირებთ, რომ აქედან გადავუხვიოთ. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ოპოზიციას, იქნება ეს მტკიცებულებების შეგროვება თუ რაღაც საორგანიზაციო საკითხები, ამ ყველაფერში ჩვენ, ჩვენი წარმომადგენლები მაქსიმალურად ვმონაწილეობთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ცოტა ხნის წინ, „კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ფეისბუქის“ მომხმარებლებს მიმართა, რომ კარვები მიაწოდონ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი