ვითარება, ძირითადად, მშვიდად გამოიყურება, ზოგადი სიტუაცია კარგია, ჩანს, რომ ცესკო-ს დიდი სამუშაო აქვს გაწეული - საარჩევნო ექსპერტი

26 ოქტომბერი 2024, 17:30 270 ნახვა
 

ლატველი საარჩევნო ექსპერტის, რეინს ტოჩელოვსკისის დაკვირვებით, საარჩევნო უბანზე ვითარება, ძირითადად, მშვიდად გამოიყურება.

როგორც იგი აცხადებს, ამ დროისთვის, ინციდენტები არ უნახავთ.

„მე ლატვიიდან ვარ და საარჩევნო საკითხებში საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფთან ერთად ვიმყოფები ქვეყანაში. დღეს ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, რომელიც, რა თქმა უნდა, დასრულებული არ არის, მაგრამ ამ დრომდე უკვე ვეწვიეთ ათ საარჩევნო უბანს და ძირითადად ვითარება მშვიდად გამოიყურება და ზოგადი სიტუაცია კარგია.

 

ვნახეთ, რომ საარჩევნო უბნებზე ადმინისტრაციის წევრები კარგად არიან დატრენინგებული, ამომრჩევლებიც მშვიდად არიან, ამ დრომდე ინციდენტები არ გვინახავს. მცირედი საკითხი იყო ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ორი ბიულეტენი მიიღო, ჩანდა, რომ ისინი ერთმანეთზე იყო მიკრული, მაგრამ კომისიის წევრებმა დაინახეს და გამოართვეს მეორე ბიულეტენი. სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან განვიხილეთ პროცესის მიმდინარეობა და აღვნიშნეთ, რომ მათაც არ უნახავთ რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევა“, – განაცხადა რეინს ტოჩელოვსკისმა.

ტოჩელოვსკი აღნიშნავს, რომ ცესკო-ს დიდი სამუშაო აქვს გაწეული.

„ზოგადად, ჩანს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დიდი სამუშაო აქვს გაწეული არჩევნებისთვის სამზადისის კუთხით. რასაც ვხედავთ, ასაკოვან ადამიანს ცოტათი უჭირს ბიულეტენების აპარატში მოთავსება, მაგრამ მათ უბანზე მყოფი კომისიის წევრები ეხმარებიან. არჩევნებამდე იყო გარკვეული შიშები, როგორ მოახერხებდა საარჩევნო ადმინისტრაცია მომზადებას ელექტრონული წესით არჩევნების პროცედურებისთვის, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ვნახეთ გარკვეული ნიშნები, მაგრამ არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო რაიმე კრიტიკული, იგივე რამ სხვა არჩევნების დროსაც გვინახავს. ასე რომ, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება დღე, დროულად დაიხურება თუ არა საარჩევნო უბნები და შემდეგ შეგვეძლება ამაზე მოსაზრების გამოთქმა“, – აცხადებს საარჩევნო ექსპერტი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში