რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი პროცედურები მარნეულის 69-ე უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე - გიორგი კალანდარიშვილი შსს-ს

26 ოქტომბერი 2024, 13:33 228 ნახვა
 

ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ მარნეულის 69-ე უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრაზე ინფორმაცია შემაშფოთებელია და მიმართავს შსს-ს, სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი წარმოების პროცესი.

კალანდარიშვილმა მოუწოდა მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიას, სასწრაფო წესით გაერკვეს ვითარებაში, მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.

„მედიასივრცესა და ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე განხორციელდა საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა საარჩევნო ყუთში. ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია. დადასტურების შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს, რომ ასეთმა მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რომელიც კენჭისყრის დღესთან მიმართებით გავწიეთ.

 

მინდა, მოვუწოდო და მოვთხოვო მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიას, სასწრაფო წესით გაერკვეს ვითარებაში, მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.

 

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მინდა, ვთხოვო სამინისტროს, რაც შეიძლება სწრაფ ტემპში განხორციელდეს შესაბამისი პროცედურები, რათა საზოგადოებას ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ობიექტური, დაზუსტებული ინფორმაცია მივაწოდოთ.

 

ყველა ასეთი შემთხვევა, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს, რა თქმა უნდა, აზიანებს საარჩევნო გარემოს, ინსტიტუციის რეპუტაციას და კითხვის ნიშნებს იწვევს შედეგებთან მიმართებით. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ საოლქო-საარჩევნო კომისიას, სასწრაფო წესით გაერკვნენ საკითხში და სათანადო გადაწყვეტილება მიიღოს აღნიშნულ საარჩევნო უბანთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი