გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დაფიქსირდა მოსყიდვის სამი ფაქტი. ჩვენ ჩავეძიეთ სამივე ფაქტს და სამივე შემთხვევაში ეს აღმოჩნდა ტყუილი - პრემიერი

26 ოქტომბერი 2024, 12:44 256 ნახვა
 

ჩვენ ვაკვირდებით მათ განცხადებებს, როგორც რადიკალური ოპოზიციის, ასევე, მათთან დაკავშირებული ენჯეოების განცხადებებს და ვსწავლობთ შესაბამის ფაქტებს, - განაცხადა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დაფიქსირდა მოსყიდვის სამი ფაქტი. ჩვენ ჩავეძიეთ სამივე ფაქტს და სამივე შემთხვევაში ეს აღმოჩნდა ტყუილი. ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა იქნება, მათ გაუჭირდებათ იმ დონეზე მანიპულაციების განხორციელება, რაც გააკეთეს 2020 წელს, როცა „პივიტი“ გააყალბეს, თუმცა, მუდმივად ექნებათ მცდელობა, რომ რაღაცნაირად ჩრდილი მიაყენონ არჩევნების ლეგიტიმაციას.

 

ხალხში მათი რეპუტაცია არის რეალურად განულებული, შესაბამისად, მათ ყალბ ინფორმაციას ვერავითარი ფასი ვეღარ ექნება. ჩვენ ყველა შემთხვევაში ვინც არ უნდა იყოს, ნებისმიერ განცხადებაზე გვექნება რეაგირება. ყველაფერს ვნახავთ, ყველაფერს შევისწავლით. თუ სადმე დაფიქსირდება დარღვევა, პირველი ჩვენ ვიქნებით, ვინც ამაზე რეაგირებას განახორციელებს.

 

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ოპოზიციას, რომ ჰქონდეთ რეაგირება იმ დარღვევებზე, რაც ხორციელდება ჩვენი ამომრჩევლების მიმართ და ჩვენი პარტიის წევრების მიმართ, როდესაც ხდება ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის ხელის შეშლა. ერთ-ერთი ფაქტი იყო, როდესაც მათი კუთვნილი ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტმა წაართვა ჩვენს მხარდამჭერს სიები, სადაც არც პირადი ნომრები იყო მითითებული, არც ფოტოსურათები იყო. იყო კარდაკარ-იდან გამომდინარე შედგენილი სია. ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილი.

 

როდესაც ჟურნალისტი ასეთ რამე კადრულობს, ეს კატეგორიულად მიუღებელია და ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს. შეიძლება მათ აღიზიანებდეთ მაღალი აქტივობა, მაგრამ ეს გაღიზიანება უნდა დაიტოვონ თავისთვის. ჩვენ განვაგრძობთ მთელი დღის განმავლობაში ამომრჩეველთა მობილიზაციაზე ზრუნვას. ამ ყველაფრის ხელის შეშლა არის დარღვევა და იმედია, რომ ამასთან დაკავშირებით ყველას ექნება რეაგირება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში