პაციენტებს ექნებათ არჩევანის შესაძლებლობა, განაგრძონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა ან ისარგებლონ ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით პროგრამიდან გასვლის გარეშე - პრემიერი

24 ოქტომბერი 2024, 12:01 287 ნახვა
 

მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიზანი იქნება პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება, კერძოდ, პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა, განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული, სტანდარტულად მაღალი ხარისხის მომსახურებით სარგებლობა ან ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, პაციენტი სრული ოდენობის ფარგლებში მიიღებს პროგრამულ დაფინანსებას, ხოლო დამატებით ის საკუთარი არჩევანით იკისრებს მხოლოდ ე.წ VIP მომსახურების საფასურის გადახდას.

„გვაქვს მნიშვნელოვანი ინიციატივები ჯანდაცვის მიმართულებით. აქ ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიზანი იქნება პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება. ასევე, სამედიცინო პერსონალისთვის და კლინიკებისთვის ანაზღაურების უფრო მეტად სამართლიანი პირობების დადგენა. დიდი მადლობა ჯანდაცვის მინისტრს ამ წინადადების მომზადებისთვის. კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა, განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული, სტანდარტულად მაღალი ხარისხის მომსახურებით სარგებლობა ან ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე. რა დროსაც, სრული ოდენობის ფარგლებში მიიღებს პროგრამულ დაფინანსებას, ხოლო დამატებით ის საკუთარი არჩევანით იკისრებს მხოლოდ ე.წ VIP მომსახურების საფასურის გადახდას. რაც შეიძლება გულისხმობდეს აყვანილ ექიმს, ექთანს,  არჩეულ პალატას, სახარჯ მასალას და ა. შ. ეს მიდგომა ერთის მხრივ, დადებით გავლენას იქონიებს პაციენტის ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან ათასობით მოქალაქეს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლა, მხოლოდ იმის გამო, რომ მას სურვილი აქვს, განსხვავებული სამედიცინო მომსახურება მიიღოს, რაც შეუძლებელი იყო არსებული რეგულაციების პირობებში. მეორე მხრივ, ეს უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ წვდომას საჭირო სამედიცინო მანიპულაციების საკუთარი სურვილის შესაბამისად შერჩეული ექიმის, ექთნის მონაწილეობით, ან სასურველი სახარჯი მასალის გამოყენებით განხორციელებაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მინისტრის ბრძანებით დადგინდება მომსახურებაზე თანაგადახდის პირობები, მათ შორის, თითოეული სახის მომსახურებაზე შეთავაზების ლიმიტები.

„დადგენილების მიხედვით, მინისტრის ბრძანებით დადგინდება მომსახურებაზე თანაგადახდის პირობები, მათ შორის, თითოეული სახის მომსახურებაზე შეთავაზების ლიმიტები. ასევე სხვა გარემოებები, რომელიც გამორიცხავს მომსახურების ანაზღაურების მეთოდის არჩევისას მოსარგებლის ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვას. მინისტრი მიმდინარე წლის ბოლომდე განსაზღვრავს ასეთ შემთხვევებს და პირობებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება სამედიცინო სექტორთან აქტიური და ინტენსიური კონსულტაციების გზით. ანუ საქმე ეხება ე.წ. DRG სისტემის გადახედვას და შესაბამისი რეგულაციების შემსუბუქებას, რაც დადებითად აისახება როგორც პაციენტების მდგომარეობაზე, ასევე შესაბამისი კლინიკების ინტერესებზე“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში