ორ დღეში საქართველოში ტარდება მნიშვნელოვანი, პრინციპული არჩევნები - ირაკლი კობახიძე

24 ოქტომბერი 2024, 11:32 238 ნახვა
 
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 26 ოქტომბერს საქართველოში ტარდება პრინციპული არჩევნები.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მადლობას უხდის სამართალდამცავ ორგანოებს, რომელთა მუშაობის შედეგად ქვეყანაში უზრუნველყოფილია უპრეცედენტოდ მშვიდი საარჩევნო გარემო.

ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა იმასთან დაკავშირებით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილური განვითარება.

"მინდა, შევეხო არჩევნების თემას, ორ დღეში საქართველოში ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, პრინციპული საპარლამენტო არჩევნები. მინდა, კმაყოფილება გამოვთქვა იმის გამო, რომ არჩევნები ტარდება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, უზრუნველყოფილია არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარება, რაც, ბუნებრივია, ჩვენი პასუხისმგებლობაა.

მინდა, მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს, უსაფრთხოების სამსახურს, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ყველა სამართალდამცავ უწყებას. მათი დაუღალავი შრომის შედეგია, რომ მშვიდ გარემოში ტარდება ეს არჩევნები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბოლომდე, 26 ოქტომბრის ჩათვლით ასეთ გარემოში ჩატარდეს არჩევნები ამ ქვეყანაში. ზოგადად მინდა, ვისაუბრო, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და ეს არჩევნები მათ შორის სწორედ ამ საკითხს უკავშირდება, რამდენად შეძლებს ჩვენი ქვეყანა, გააგრძელოს სტაბილური განვითარება ყველა მიმართულებით. რეალურად, ჩვენ გასული ოთხი წლის და გასული 12 წლის განმავლობაში შევქმენით ძალიან მყარი საფუძველი იმისთვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სწარი განვითარება და ოთხ წელიწადში ჩვენი ქვფეყანა განვითარების სულ სხვა საფეხურზე გადავიდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში