მოგესალმებით ჩემო თბილისელებო! მივესალმები ჩვენი სამშობლოს გულს - ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს! მივესალმები სრულიად საქართველოს! მივესალმები ჩვენი სამშობლოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ პატრიოტ ქართველებს! უკვე საუკუნეებია, თბილისი აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გადაკვეთის წერტილი, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია! რაც მთავარია, თბილისი კრებს ჩვენი სამშობლოს ყველა კუთხის შვილებს და ქართული მრავალფეროვნებაც ყველაზე მეტად აქ იგრძნობა. ასეთი ბედი ხვდა წილად ქალაქს, რომლის ისტორიული მნიშვნელობა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არ მომერიდება და პირდაპირ ვიტყვი, რომ ევროპისთვისაც ძალიან დიდია! განსხვავებულის მიღებისა და პატივისცემით განთქმულ ჩვენს დედაქალაქში ასწლეულებია ჰარმონიულად ცხოვრობს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი, გვერდიგვერდ დგას ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა.
ამ ქალაქში ერთმანეთის კულტურის, ტრადიციებისა და ადათ-წესების პატივისცემა საუკუნეებია დაუწერელ კანონადაა ქცეული. ყოველივე ეს, ისევე, როგორც მხოლოდ თბილისისთვის დამახასიათებელი ეშხი, სტუმარ-მასპინძლობა და გულისხმიერება უნიკალურ კოლორიტს სძენს ჩვენს დედაქალაქს, ასე რომ გვიყვარს ჩვენ და ასე რომ აოცებს აქ ჩამოსულ სტუმარს. ასეთია ჩვენი თბილისი, ჩვენი ქვეყნის გული, სათუთად რომ ინახავს ჩვენს ყველა გამარჯვებას და ტკივილს. ყველაფერთან ერთად, თბილისში ყველაზე უკეთ იგრძნობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური გულისცემა და დიდწილად სწორედ თბილისი განსაზღვრავს საქართველოს პოლიტიკურ მომავალს. ასე იყო წარსულშიც და ასეა ახლაც. კარგად მახსოვს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის პირველი დღეები, როდესაც თბილისში, სადაც ხშირად სწორედ ქუჩაში წყდებოდა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხები, ქუჩაში ხალხის შეკრებასა და საპროტესტო აქციის გამართვაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო, რადგან 15-20 კაციც კი ვერ ბედავდა გამოსვლას. აი, ამგვარ ვითარებაში მყოფ ქვეყანაში, ჩვენი მოსახლეობის ერთიანობამ და გამბედაობამ შეგვაძლებინა, რომ 2012 წლის არჩევნებამდე 2 დღით ადრე, მთელი საქართველოდან, ნახევარი მილიონი პატრიოტი მოეფინა თბილისის ქუჩებს, რათა ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ არავის და არაფრის გვეშინია! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ დღიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის ბედი წაღმა დატრიალდა! თუმცა, სანამ კონკრეტულ მონაცემებზე, ციფრებსა და საერთაშორისო რეიტინგებზე ვისაუბრებთ, ვახსენოთ ისიც, რაც შესაძლოა ახალმა თაობამ არ იცოდეს, ან აფიქრებინონ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შეფასება გადაჭარბებულია: 2003 წლიდან მოყოლებული, საქართველოს მართავდა გარე ძალების მიერ კონტროლირებული რეჟიმი. ტერორი, ძალადობა, მკვლელობა, წამება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ბიზნესის რეკეტი, ქვეყნის ყოველდღიურობა იყო. მიტაცებული სახელმწიფო, ბოლომდე ჩამკვდარი პოლიტიკური პროცესი, ოპონენტების დევნა და ფიზიკური ანგარიშსწორება; წამების ინსტრუმენტად ქცეული მართლმსაჯულების სისტემა, ციხე, როგორც ჯოჯოხეთი; მონოპოლიზებული და პარტიულ ინტერესს დაქვემდებარებული მედია, პრეზიდენტს, სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის წაშლილი ზღვარი. ასეთი კატასტროფული რეალობა სუფევდა საქართველოში წლების განმავლობაში, თუმცა, უცხოელი პატრონების მხარდაჭერით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა გაცილებით, გაცილებით უარესიც გააკეთა - საკუთარი ხალხისა და ისტორიის წინაშე უპატიებელი ღალატი ჩაიდინა და 2008 წელს ქვეყანას ომის ტრაგედია დაატეხა თავს! სულ რამდენიმე დღეში, საქართველომ დაკარგა ასობით გმირი მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე, დამატებით, ტერიტორია - ასზე მეტი სოფელი და დასახლებული პუნქტი, ათეულ ათასობით ადამიანი კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. ამას დაემატა ისიც, რომ პრაქტიკულად საომარი მოქმედებების პარალელურად, ჯერ წაგებული ომი აზეიმეს მოსახლეობას, შემდეგ კი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელმოწერით და ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით, საომარი მოქმედებების დაწყება აღიარეს! ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ბოროტებისა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სჩადიოდა, თუმცა, მათი რეჟიმის შესაფასებლად, ესეც კმარა. 2012 წლის 1 ოქტომბრის, ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში საქართველოს და ქართველი ხალხის უპრეცედენტო ერთიანობით, თავისუფლება დავიბრუნეთ და საფუძველი ჩავუყარეთ სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული ქვეყნის მშენებლობას, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აზრისა და სიტყვის თავისუფლება; გვაქვს გაჯანსაღებული სასამართლო, დამოუკიდებელი მედია, ხელშეუხებელი ბიზნესი... შესაბამისად, ხალხი თავისუფლად სუნთქავს და აღარავის აქვს პოლიტიკური დევნის შიში.
და მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“, მრავალი თვალსაზრისით, უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო, პრაქტიკულად, შეუძლებელი შევძელით და პრინციპულად გავაუმჯობესეთ მდგომარეობა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით. დღეს, ჩვენი საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, თავს ვალდებულად მივიჩნევ, ერთგვარი ანგარიში ჩაგაბაროთ და ფაქტების დონეზე კიდევ ერთხელ გაგაცნოთ ის წინსვლა, რაც 2012 წლის შემდეგ გვაქვს. შეფასება კი, 26 ოქტომბერს, საარჩევნო ყუთებთან თქვენთვის მომინდვია. 2012 წელს, საქართველოს ეკონომიკა 28 მილიარდ ლარზე ნაკლები იყო, 2024 წელს - 90 მილიარდ ლარს შეადგენს; 2012 წელს, საქართველოს ბიუჯეტი 8.5 მილიარდი ლარი იყო, 2024 წელს თითქმის 28 მილიარდი ლარია; 2012 წელს უმუშევრობა 26.7% იყო, 2024 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი განახევრებულია; 2012 წელს საშუალო ხელფასი 712 ლარი იყო, 2024 წელს კი 2000 ლარს გადააჭარბა; 2012 წელს, პენსია შეადგენდა 125 ლარს. 2024 წელს პენსია დაახლოებით 3-ჯერ არის გაზრდილი, მომავალი წლისთვის კი, წლევანდელი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება რომ ჩვენს საყვარელ პენსიონერებს, ყოველთვიურად, 350 და 450 ლარი ჰქონდეთ. 2012 წელს ჩვენი მოსახლეობის 30%, აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა, 2023 წლისთვის კი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის სამჯერაა შემცირებული! 2012 წლის ბოლოს, ფიზიკური პირების მიერ ეროვნულ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა შეადგენდა 846 მილიონი ლარს, დღეის მდგომარეობით მონაცემი თითქმის 13-ჯერ გაიზარდა და 10 მილიარდ 700 მილიონი ლარია. 2012 წლის ბოლოს, ფიზიკური პირების მიერ, უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა შეადგენდა 3 მილიარდ 26 მლნ ლარს, დღეის მდგომარეობით მონაცემი 6-ჯერ არის გაზრდილი და 18 მილიარდ 780 მილიონ ლარს შეადგენს. ასეთი პროგრესი არა მხოლოდ ადამიანთა შემოსავლის ზრდას ადასტურებს, არამედ, ნათელი მაგალითია, თუ რა დონეზე გაიზარდა სანდოობა სახელმწიფოს და „ქართული ოცნების“ მთავრობის მიმართ. 2012 წლამდე, საქართველოს მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის პრობლემა გაღატაკებას ან პრაქტიკულად, დაღუპვას ნიშნავდა, „ქართული ოცნების“ საამაყო - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან მოყოლებული კი, ბიუჯეტიდან, საქართველოს 3 მილიონ 300 ათას მოქალაქეს ვუმკურნალეთ! 2012 წელთან შედარებით, არნახული ზრდა გვაქვს ინფრასტრუქტურის მიმართულებით - მთელი საქართველოს მასშტაბით, შენდება უმაღლესი სტანდარტის, 4 ზოლიანი საერთაშორისო მაგისტრალები! მოხდა რკინიგზის მოდერნიზაცია და მისი გამტარუნარიანობის ზრდა; გაიზარდა და იზრდება თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების მგზავრთა ნაკადი; იწყება ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის და ანაკლიის პორტის მშენებლობა! 2012 წელს, ტურიზმის შემოსავალი 1 მილიარდ 400 მილიონი დოლარი იყო; 2024 წელს კი 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს; 2012 წელთან შედარებით, არნახულად გაიზარდა დაფინანსება სოფლის მეურნეობის მიმართულებით; 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი გლეხები და ფერმერები თავისუფლად სარგებლობენ სპეციალურად მათზე მორგებული სახელმწიფო პროგრამებით; შედეგად, რეალობიდან, როდესაც ღვინის სამშობლოში კახელი გლეხი ვაზს ჩეხავდა, მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ვენახების ფართობი მთელ საქართველოში 70%-ით არის გაზრდილი! 6-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავება, ღვინის ექსპორტი კი 65 მილიონი დოლარიდან - 259 მილიონი დოლარი გახდა; 2012 წელს ჩვენი მევენახეების შემოსავალი 70 მილიონ ლარს შეადგენდა, 2023 წელს კი 350 მილიონ ლარს მიაღწია; 2012 წლის შემდეგ, აშენდა: 63 ჰიდრო ელექტრო სადგური, 2 თბო ელექტრო სადგური და 1 ქარის ელექტრო სადგური; არსებული გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის საქართველო იქნება ენერგეტიკულად სრულად დამოუკიდებელი ქვეყანა! 2012 წელთან შედარებით, 4-ჯერ გაიზარდა განათლების სფეროს დაფინანსება; თვისობრივად გაუმჯობესდა სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, აშენდა ახალი სკოლები, ბაღები და რაც მთავარია, საშუალოდ 500 ლარით გაიზარდა ჩვენი ძვირფასი პედაგოგების ანაზღაურება.
2012 წლამდე, საქართველოს არ ჰქონდა რეალური ევროპული პერსპექტივა; „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კი საქართველოს მოუპოვა უვიზო მიმოსვლა, შეთანხმება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი! გარწმუნებთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ამ პროცესს აუცილებლად მივიყვანთ ლოგიკურ დასასრულამდე და სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდება საქართველო ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, საქართველოს წინსვლასა და განვითარებაზე განსაკუთრებით კარგად მეტყველებს ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგები და კვლევები; მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, ამიტომ, მხოლოდ რამდენიმე მათგანს მოვიტან მაგალითად: „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2024 წლის ინდექსით, საქართველო კეთილდღეობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, 11-წლიანი პროგრესით კი, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის. და ეს იმ ფონზე, როდესაც 2012 წლამდე ქვეყანას მართავდა კაცი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს მოსახლეობას კი არ ახმარდა, არამედ პირადი კეთილდღეობისთვის ხარჯავდა ხშირად. სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია. და ეს იმ ფონზე, როდესაც 2012 წლამდე, სასამართლო სისტემა არათუ დამოუკიდებელი არ იყო, არამედ, იმდროინდელი ხელისუფლების ერთ-ერთ სადამსჯელო ინსტრუმენტს წარმოადგენდა. ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა; და ეს იმ ფონზე, რომ 2012 წლამდე ციხეებში თუ ქუჩებში მოქალაქეების წამება და მკვლელობა ჩვეულებრივ ამბად იყო ქცეული; სამოქალაქო თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მეცხრე, ევრაზიის კონტინენტზე მესამე, ევროპაში კი პირველ ადგილზეა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და მაჩვენებლის 12-წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. ვეცადე, მოკლე ანგარიშის სახით გადმომეცა თქვენთვის „ქართული ოცნების“ ძირითადი მიღწევების შესახებ, ახლა კი ვნახოთ, როგორ შთამბეჭდავ პროგნოზს აკეთებს მომავალზე საქართველოსთან დაკავშირებით მსოფლიო სავალუტო ფონდი - ათწლიანი ზრდის მონაცემების სამი მიმართულებით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია! არ იჩქაროთ ახალ მონაცემებს მოგცემთ, კიდევ უფრო უკეთესს: ეს იმას ნიშნავს, რომ 2030 წლისთვის, მაღალი ალბათობით, საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით - საქართველო ჩაეწერება მდიდარი ქვეყნების რიგში 2030 წლისთვის. დაბოლოს - მინდა გაგაცნოთ უახლესი მონაცემები, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა: სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო მიმდინარე 2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე გასული 5 წლიანი რეალური ეკონომიკური ზრდით მსოფლიოში გადის მეორე ადგილზე და მთავარი: ასეთ ლიდერობას, ე.ი. მეორე ადგილს მსოფლიოში, შეინარჩუნებს ზედიზედ მომდევნო 5 წლის განმავლობაში 2030 წლამდე. ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის ზრდა არის უნივერსალური მაჩვენებელი ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების შეფასებისათვის საერთაშორისო მასშტაბით.
წინა გამოსვლებში საუბარი გვქონდა, რომ საქართველოს ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 2030 წლიდან გადააჭარბებდა ევროკავშირის 6 ქვეყანას, სავალუტო ფონდის უახლესი პროგნოზის მიხედვით კი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ეს შედეგი წელსვე დადგება და საქართველოს 2024 წელს ექნება უფრო დიდი მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ვიდრე ევროკავშირის 6 სახელმწიფოს. ყველა რეიტინგს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც სავალუტო ფონდის უახლეს პროგნოზს როდესაც გაეცნობი, თავი პოლიტიკოსად და ფინანსისტად რომ მოგაქვს და მაინც ჯიუტად იმეორებ, თითქოს ქვეყანა ჭაობში იმყოფება - ამას არაფერი ჰქვია, თუ არა თაღლითობა. ამ შემთხვევაში მე არ ვგულისხმობ სასამართლოს განაჩენს - ეს არის პოლიტიკური თაღლითობა - ხედავდე ქვეყნის წინსვლას და ჯიუტად ატყუებდე საზოგადოებას, რომ ქვეყანა თითქოს უფსკრულისკენ მიექანება; თვითონ გაარკვიეთ, რას ნიშნავს ეს. ცხადია, ამ ყველაფერს ჩვენი ხალხი კარგად ხედავს და თაღლითებს სათანადო ადგილს მიუჩენს რამდენიმე დღეში. ამ პროგრესის და თვისობრივად გაუმჯობესებული ვითარების მიუხედავად, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, წინ მძიმე შრომა გველის. მაგრამ, ნურაფრის შეგეშინდებათ! მერე რა, თუკი პატარა ქვეყანა ვართ და არც ბუნებრივი რესურსებით ვართ მდიდარი, ჩვენი სიმდიდრე ჩვენი ხალხი, ჩვენი შრომისმოყვარეობა და ის საოცარი შეუპოვრობაა, დავითს გოლიათს რომ დაამარცხებინებს. ქართველ ხალხთან, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, „ქართული ოცნება“, ერთადერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, შეძლებს, რომ ღირსეულად ატაროს საქართველო ამ რთულ გზაზე, რათა დავიკავოთ ჩვენი კუთვნილი ადგილი განვითარებული, მდიდარი, დემოკრატიული, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიცხვში. თუმცა, არის ერთი ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხი, რომელიც განსაზღვრავს და განაპირობებს ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერს. მშვიდობას რა ფასი აქვს, ჩვენი ქვეყნის ისტორიამ, მათ შორის უახლოესმა წარსულმა კარგად გვასწავლა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მშვიდობის ფასი არ ესწავლება უშუალოდ თბილისს, სადაც სამი ათეული წლის წინ, ქალაქის გულში, ქართველები ერთმანეთს ტყვიას ესროდნენ! აღარაფერს ვამბობ 90-იანი წლების სამხედრო კონფლიქტებზე და 2008 წლის ტრაგედიაზე, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაატეხა ქვეყანას თავს. და ესეც კიდევ ერთი, ფუნდამენტური მნიშვნელობის განსხვავება „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პერიოდსა და 2012 წლის 1 ოქტომბერს დაბადებულ საქართველოს შორის - „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო და ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რეგიონში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებების ფონზე, საქართველოს ასე ნანატრი - მშვიდობა მოუტანა! სახელმწიფოებრივად და საღად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანი დაგვეთანხმება, რომ იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც საქართველო რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე დგას, მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ესეც რომ არა, ქვეყნის განვითარება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი და ამას ის წარმატებაც მოწმობს, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამ 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობის პირობებში მიაღწია. თუმცა, მშვიდობას დაცვა და შენარჩუნება სჭირდება, მით უფრო დღეს, როდესაც გარე თუ შიდა მტრები გამალებით ცდილობენ, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნან, ქვეყანა ომში ჩაითრიონ და ჩვენი ქალაქების, სოფლების და ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს! ამიტომაც, ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მშვიდობას - დღეს, არამედ ვიცავთ სიცოცხლეს და პერსპექტივას, ჩვენი შვილების ნათელ მომავალს, რათა ვერავინ - ვერასდროს შეძლოს, რომ საქართველო საბრძოლო პოლიგონად და საკუთარი პოლიტიკური ვნებებისა და ვიწროპარტიული ინტერესების ასპარეზად აქციოს, რათა აღარასდროს მოგვიწიოს ქვეყნის 0-დან შენება და მომავალმა თაობებმა მაინც არ განიცადონ ის ტკივილი და სიმწარე, რაც ომს და ნგრევას ახლავს თან! რამდენჯერმე უკვე აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მოყოლებული - დღემდე, საქართველოს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევს სიარული, რომ უცხოელ, თუ ადგილობრივ არაკეთილმოსურნეთა და რადიკალთა მხრიდან მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში, ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა შევინარჩუნოთ. დღეს, ამ რთული გზის ბოლოს, როდესაც ქვეყანა თითქმის გავიყვანეთ სამშვიდობოს, ბრძოლის მთავარი ხაზი 26 ოქტომბრის არჩევნებზე გადის. უფრო მარტივად რომ გითხრათ, 26 ოქტომბერს დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა-არ ყოფნის საკითხი დგას! თუკი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, რაშიც არა მხოლოდ მე, არამედ მთელი საქართველო, მათ შორის, ჩვენი ოპონენტებიც დარწმუნებულები არიან, არა მხოლოდ მშვიდობას შევინარჩუნებთ და ქვეყანას გადავარჩენთ, არამედ გავიმარჯვებთ, რადგან წინ განვითარების და აღმშენებლობის წლები და ევროკავშირში ინტეგრაცია გველის. თუმცა, ამისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქუდზე-კაცი გამოვიდეთ და „ქართულ ოცნებას“, ერთადერთ რეალურ პოლიტიკურ ძალას საქართველოში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში დავეხმაროთ! საზოგადოების მხრიდან მონიჭებული ამ ხარისხის ლეგიტიმაცია, ფაქტობრივად, ჩანასახშივე ჩაახშობს რევოლუციისა და გადატრიალების გზით ძალაუფლების დაბრუნების, შემდეგ კი, საქართველოს ომში ჩართვის მიზნის მქონე კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი უცხოელი პატრონების გეგმებს! ამასთანავე, მთელს საერთაშორისო საზოგადოებას დაანახებს, თუ ვის ანდობს ქვეყანას ქართველი ხალხი, რომელიც არა მხოლოდ ღირსეულ ევროპულ მომავალს, არამედ, ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს! ამას გარდა, რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე არაერთხელ, ვრცლად განვმარტე, თუ რატომაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. დღესაც, კიდევ ერთხელ, მოკლედ შეგახსენებთ: საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, კონსტიტუციის დონეზე ავკრძალავთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტ პარტიებს, ხოლო საქართველოს მოსახლეობის წინაშე ჩადენილი, მათ შორის, ყველაზე მძიმე - ომის დანაშაულის გამო, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტ პარტიებს კანონის სრული სიმკაცრით ვაგებინებთ პასუხს; კონსტიტუციის დონეზე გავამყარებთ არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის საკითხს; კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის და გაძლიერების მიმართულებითაც, რაც კონსტიტუციის დონეზე აისახება; არავის მივცემთ საშუალებას, რომ საჭირო დროს, საქართველოს მშვიდობიანი გზით გამთლიანებისთვის აუცილებელ საკონსტიტუციო ცვლილებებს აღუდგეს წინ!
მოკლედ, ყველაფერი დღესავით ნათელია - 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დგება სამშობლოს შენარჩუნების, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გადამწყვეტი დღე. თქვენი შემხედვარე, მტკიცედ მჯერა, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და ერთად შევქმნით საქართველოს უკეთეს მომავალს! მე კი გარწმუნებთ, რომ ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ყველაფერს დავალაგებთ, ყველა ქარტეხილს ღირსეულად გადავლახავთ, ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით და საქართველოსთვის, ჩვენი ხალხისთვის, ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად იქნება! ჩვენი ქალაქები, ჩვენი სოფლები არის და მომავალშიც აუცილებლად იქნება მშვიდობით და სიცოცხლით სავსე, რადგან „ქართული ოცნებაა“ ამის გარანტი! პირადად გაძლევთ პირობას, მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ - იქცევა რეალობად ქვეყნისა, ასე ძალიან რომ გვიყვარს, ქვეყნისა, რომელიც არის და იქნება დამოუკიდებელი, თავად განსაზღვრავს საკუთარი ხალხის ბედს და მისი აღმატებულება ქართველი ხალხის გარდა, არავის მისცემს უფლებას, უკარნახოს, რა არის საქართველოსთვის კარგი, რისი უნდა გვწამდეს და რა ღირებულებებით უნდა ვიცხოვროთ! ჩვენ კი ვირჩევთ არა ომს, არამედ მშვიდობას, არა მონობას, არამედ თავისუფლებას, არა სიღარიბეს, არამედ კეთილდღეობას, არა ბუნდოვან, არამედ თანასწორობაზე დაფუძნებულ ღირსეულ ევროპულ მომავალს! ჩვენ ვივლით მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, და კეთილდღეობით ევროპისკენ! შევძლოთ ერთად დადგომა და ვიცხოვროთ ერთიან, თავისუფალ და გაბრწყინებულ საქართველოში!