2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზრდილია 7.6 %-მდე - სავალუტო ფონდი

23 ოქტომბერი 2024, 15:19 323 ნახვა
 

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2024 წლის ოქტომბრის მსოფლიო ეკონომიკურ მიმოხილვაში მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.6 პროცენტამდე გაზარდა, ხოლო 2025 წელს ზრდის ტემპი 6.0 პროცენტს გაუტოლდება - ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სავალუტო ფონდის პროგნოზების შესაბამისად, 2024 წელს საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8,882.6 აშშ. დოლარს – მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით – 27,363.4 საერთაშორისო დოლარს გაუტოლდება, ხოლო 2029 წლისთვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 12,734.2 აშშ. დოლარი – 38,744.7 საერთაშორისო დოლარი იქნება, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 52.5%-ია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 7.6 პროცენტამდე გაზრდა როგორც ევროპის, ასევე რეგიონის ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებლებს თუ შევადარებთ, მხოლოდ 2024 წლის მაჩვენებლით, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 2,5-ჯერ აღემატება მათ საშუალო მაჩვენებელს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, მთავრობის ამოცანაა, შეინარჩუნოს ეკონომიკური ზრდის ტემპი უფრო მაღალ ნიშნულზე, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ და მაქსიმალურად შეამციროს განსხვავება ცხოვრების დონეებს შორის საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის.

როგორც ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ეკონომიკის ზრდის მიმართულებით და ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც ეკონომიკის ტრანსფორმაციას უწყობს ხელს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში