თვალთმაქცობა და სიბოროტეა, ყველა რესურსი ჩადო იმაში, რომ ქვეყნის სათავეში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დააბრუნო, სწორედ ამ სპექტაკლს ხელმძღვანელობს პრეზიდენტი - გია ვოლსკი

14 ოქტომბერი 2024, 17:20 276 ნახვა

ყველამ მოაწერა ქარტიას ხელი, რითიც მორჩილება აღიარეს. ახლა ვითარება შეიცვალა, სალომე ზურაბიშვილისგან საკმაოდ ომახიანი მესიჯი მოდის, რომ ოპოზიციის წამყვანი ლიდერი ის არის, ხოლო მიხეილ სააკაშვილის ლიდერობა და ის პოლიტიკური ძალა, ვინც სისხლი დაღვარა და ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპანტს ჩააბარა, აღარ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ქარტიაც სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ წინ სალომე ზურაბიშვილი წამოწიონ.

„ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ შეუძლია, შეცვალოს რაკურსი, დამოკიდებულება და ტრენდი და თავისი მეთაურობით ოპოზიციას სხვა სახე მისცეს, რომ ის არის მთავარი ადამიანი, ვინც პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარმოადგენს და ამით ყველა ბედნიერი უნდა იყოს, ვინაიდან ამას ერთი და განუმეორებელი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი აკეთებს. ეს დასავლეთისთვისაც გარკვეული მესიჯია, თუმცა კონსენსუსის მიღწევა გართულდება.

 

თვალთმაქცობა და მასთან ერთად სიბოროტეა, ყველა რესურსი ჩადო იმაში, რომ ქვეყნის სათავეში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დააბრუნო, სწორედ ამ სპექტაკლს ხელმძღვანელობს სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილის მიზანია, ოპოზიციის ლიდერი გახდეს, რადგან არჩევნებში ოპოზიციის მარცხის შემდეგ თუ ქვეყანაში რევოლუციური პროცესები წარიმართება, შეურიგებლობას სათავეში ჩაუდგეს და ხალხს დაანახოს, რომ ეს სისხლიანი და სადისტი „ნაცმოძრაობის“ მართული პროცესი არ არის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე განცხადებით, 27 ოქტომბრისთვის მომზადების მთავარი შტაბი სალომე ზურაბიშვილის ოფისი იქნება, სადაც ისეთი ქარტია წარადგინეს, რომლის გარშემოც ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს, ამ ადამიანებს გამარჯვების პერსპექტივა არ აქვთ.

„გუშინ ეს ადამიანები ერთმანეთს მძიმე სიტყვებით მიმართავდნენ და ფიზიკურად ერთმანეთისკენ იწევდნენ, თუმცა დღეს მათი გაერთიანება რას უნდა ნიშნავდეს, თუ არა მზადებას რევოლუციური პროცესების განვითარებისკენ. მათი იდეაა, ეს ქვეყანა დაინგრეს და ამ ნანგრევებზე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ახალი მმართველობა აშენდება. ამ ფორმულის შემსრულებლად სალომე ზურაბიშვილი მოევლინათ, ვითომ როგორც ნეიტრალური სფეროდან გადმოტყორცნილი ადამიანი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი