„ლელო“ და გახარიას პარტია გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტიები არიან - პრემიერი

11 ოქტომბერი 2024, 15:24 300 ნახვა

მე აბსოლუტურად ვიზიარებ იმ განცხადებას, რომელიც გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა – „ლელო“ და გახარიას პარტია ამ ქვეყანაში გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტები არიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ხაზარაძე პირდაპირ იყო ჩართული მაშინდელი რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებში, რაც განსაკუთრებით უკავშირდებოდა ბიზნესის რეკეტს.

რაც შეეხება გახარიას, პრემიერის თქმით, როცა იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ის მიზანმიმართულად აკეთებდა ყველაფერს, რათა ერთმანეთთან დაეპირისპირებინა სახელმწიფო და მოქალაქეები.

„მე აბსოლუტურად ვიზიარებ იმ განცხადებას, რომელიც გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა. „ლელო“ და გახარიას პარტია არის გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტი ამ ქვეყანაში. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას და „ახალს“, რომელიც შედგება „ნაცმოძრაობის“ სახეებისგან, მათთან დაკავშირებით ყველამ ყველაფერი იცის. მათ აქვთ პირდაპირი კავშირი წინა რეჟიმთან, წარმოადგენდნენ წინა რეჟიმს, მაშინდელ ხელისუფლებას. რაც შეეხება ხაზარაძეს, ის პირდაპირ არ წარმოადგენდა მაშინდელ ხელისუფლებას, ამიტომ, შეიძლება, საზოგადოების გარკვეული ნაწილი შევიდეს შეცდომაში, თუმცა ყველას მინდა შევახსენო, რომ ის პირდაპირ იყო ჩართული მაშინდელი რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებში, რაც განსაკუთრებით უკავშირდებოდა ბიზნესის რეკეტს. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენო ის საქმეები, რომელიც უკავშირდებოდა კომპანია „მაგნატს“, „ელიტ ელექტრონისს“, „კონსტანტას“, ღამე კომპანიების, წილების გადაფორმება, ამ ყველაფერში იყო სამწუხაროდ ჩართული ეს კონკრეტული ადამიანი და ეს ყველაფერი უნდა შევახსენოთ საზოგადოებას.

რაც შეეხება გახარიას, მე მისი ქმედებები მინდა შეგახსენოთ, რაც გაიხსენა მამუკა მდინარაძემ. როცა იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ის მიზანმიმართულად აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ ერთმანეთთან დაეპირისპირებინა სახელმწიფო და მოქალაქეები, პოლიცია და ახალგაზრდები. ყველა შესაბამისი მოქმედება, რასაც ის ახორციელებდა, ამ მიზანს ემსახურებოდა. ეს იყო მისი დავალება, ის, როგორც უცხოელი აგენტი, ისე მოქმედებდა. იღებდა დავალებებს, და ეს დავალებები ემსახურებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით სამართალდამცავი ორგანოების და მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირებას. ამას უკავშირდებოდა პანკისში რაც მოხდა, რაც მოხდა მესტიაში, „ბასიანში“ და ამას უკავშირდებოდა, რაც მოხდა 20 ივნისს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩორჩანას ამბავს და ასევე იმას შეგახსენებთ, რომ ამ ქმედებაზე არავითარი რეაქცია არ ჰქონდა მაშინ „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულ“ არც ერთ ტელევიზიას, რადგან მარტივად გადაეფარნენ გახარიას, რომელიც იმართება ზუსტად იმავე ხალხისგან, რომლებისგანაც იმართება „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ტელევიზიები; ესენი არიან უცხოელი პატრონები“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში