ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს და მის თანამზრახველს, 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა - პროკურატურა

11 ოქტომბერი 2024, 14:22 257 ნახვა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სოფელ ვახტანგისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 21 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში, ბრალდებული და მისი დისშვილი, ბრალდებულის ყოფილი მეუღლის სახლში მივიდნენ, სადაც ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილ მეუღლეს დანით ზურგის არეში, სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე დაზიანებები მიაყენა. ბრალდებულის თანმხლები პირი დაზარალებულს აკავებდა და გაქცევის შესაძლებლობას არ აძლევდა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.

"დაკავებულებს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე წარედგინათ.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ბრალდებულის ნათესავს ასევე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა"-განმარტავენ პროკურატურაში.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი