ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები იქნება სამართლიანი, ვითარება თუ გაუარესდება, შეგვიძლია ჩვენი ინსტრუმენტების სხვადასხვა ელემენტის გამოყენება - ჰერჩინსკი

20 სექტემბერი 2024, 13:32 191 ნახვა
 
ვიმედოვნებთ, საარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი, რომ არ იქნება ძალადობა, არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ვითარება გაუარესდება, შეგვიძლია ჩვენი ინსტრუმენტების სხვადასხვა ელემენტის გამოყენება, ერთ-ერთი მათგანი არის უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი თვალს ადევნებს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

დოპლომატის თქმით, ისინი კონტაქტში არიან  ეუთო/ოდირის ძირითად ჯგუფთან. პაველ ჰერჩინსკის   იმედი აქვს, რომ საარჩევნო პროცესი  იქნება მშვიდობიანი, რომ არ იქნება ძალადობა, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც ამბობს ევროკავშირი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ სხვადასხვა ხელსაწყოს, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას. 

"ევროკავშირმა უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე გამოხატა შეშფოთება საქართველოში მოვლენების განვითარების ტრაექტორიასთან დაკავშირებით. ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ რეფორმების შესრულების ნაცვლად, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებს, სამწუხაროდ, ბოლო თვეებში მოხდა რამდენიმე მოვლენა, რომელიც ზრდის მანძილს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ ეს ევროკავშირის შიგნით განვიხილეთ, ჩვენმა წევრებმა განიხილეს და ჩვენ ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვით რამდენიმე თვის წინ, რომ განიხილება ყველა ვარიანტი, მათ შორის საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება განვითარებული მოვლენების საფუძველზე.

 

ჩვენ თვალს ვადევნებთ განვითარებულ მოვლენებს. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი, რომ არ იქნება ძალადობა, არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ეს არის ჩვენთვის მოვლენების სასურველი განვითარება. თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ვითარება გაუარესდება, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩვენი ინსტრუმენტების სხვადასხვა ელემენტის გამოყენება და უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება ერთ-ერთი მათგანია“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირის ელჩის თქმით, ქართველებზეა დამოკიდებული, გადაწყვიტონ, როგორ ქვეყანაში სურთ ცხოვრება და 26 ოქტომბერს ექნებათ შესაძლებლობა, მისცენ ხმა და აირჩიონ მათი შემდგომი ლიდერები.

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში, იქნება კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე, ინკლუზიური და უპირველეს ყოვლისა მშვიდობიანი არჩევნები. ჩვენ როგორც ევროკავშირი, ვაღიარებთ შედეგს და ვიმუშავებთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც ჩამოყალიბდება არჩევნების შემდეგ, მაგრამ მთავარი შეკითხვაა, სურს თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, სურს თუ არა საქართველოს, გახდეს ევროკავშირის ოჯახის წევრი და ეს რომ მოხდეს, ჩვენ გვაქვს პირობები. ეს არ არის სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილი პირობები. ეს პირობები ვრცელდება ყველა ქვეყანაზე, რომელსაც სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ძალიან სერიოზული რეფორმები და ასევე გვჭირდება პრინციპების, საბაზისო პრინციპების სრული პატივისცემა, რაზეც ევროკავშირი არის დაფუძნებული. ეს საბაზისო პრინციპები ფართოდ არის ცნობილი: დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, მათ შორის უმცირესობების უფლებების. ეს არის საბაზისო პრინციპები, რაც, ჩვენი თვალსაზრისით, განხილვას არ ექვემდებარება. ასე რომ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სურს ევროკავშირის ოჯახში გაწევრიანება, ამ პრინციპების სრული პატივისცემა უნდა იყოს“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში