პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება

16 სექტემბერი 2024, 17:14 265 ნახვა

სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი დაუყოვნებლივ უნდა გაიმართოს.

"საჭიროა, რომ ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევანი გავამარტივოთ, პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც ელოდება გადაწყვეტილი ამომრჩეველი და რომელსაც უნარი აქვს გააჩინოს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი. მე ამის მჯერა და ამიტომ მონაწილეობა მივიღე ყველასთან კონსულტაციებში. მზად ვარ, როგორც ნეიტრალური მხარე ამ პროცესს ხელი შევუწყო, გადაწყვეტილება კი ორი პროევროპული ძალის, ერთის მხრივ, "ძლიერი საქართველო" და მეორე მხრივ "გახარია საქართველოსთვის" მათ ხელშია, ვიმედოვნებ რომ ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე შეძლებენ გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, გარკვეულობას და მეტი ძალის განცდას მისცემს. ნაბიჯი, რომელიც ასევე დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს, ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამე დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის საქმეში.

ხვალ, ორბელიანების სასახლეში ვეპატიჟები ორივე პოლიტიკურ ძალას, რათა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი დაუყოვნებლივ გაიმართოს. ჩემი სრული მხარდაჭერა და მზადყოფნაა, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს და მიგვიყვანოს გამარჯვებამდე" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი