მოვუწოდებთ ირანის ხელმძღვანელობას, თავი შეიკავოს რუსეთისთვის ნებისმიერი სახის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადაცემისგან - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

07 სექტემბერი 2024, 14:24 222 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თეირანს, თავი შეიკავოს მოსკოვისთვის ნებისმიერი სახის იარაღის მიწოდებისგან.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმად შეშფოთებულია საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის ბალისტიკური რაკეტების შესაძლო გადაცემის შესახებ. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ ირანის ხელმძღვანელობას, თავი შეიკავოს რუსეთისთვის, რომელიც გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად აგრესორი სახელმწიფოა, ნებისმიერი სახის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადაცემისგან“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს თეირანს, რომ აღნიშნული ცნობების დადასტურებას დამანგრეველი შედეგები მოჰყვება უკრაინა-ირანის ორმხრივი ურთიერთობებისთვის.

6 სექტემბერს გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალმა” გაავრცელა ინფორმაცია,  რომ ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა. გამოცემის ცნობით, საუბარია მცირე რადიუსზე მოქმედ რაკეტებზე, რომლის გამოყენებასაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომში შეძლებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში