აგვისტოში უკანონო ტყითსარგებლობის 143 ფაქტი გამოვლინდა - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

04 სექტემბერი 2024, 10:50 329 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 10-ელი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 143 ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, მათ შორის 103 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 40 კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 47 ფაქტი გამოვლენილია კახეთში. აჭარაში დაფიქსირდა 27 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში - 16, შიდა ქართლშიც - 16, იმერეთში - 15, ქვემო ქართლში - 10, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 4, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 4, გურიაშიც - 4.

ჯამში ამოღებულია 163 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 1637 ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია 87 უკანონო სახერხი საამქრო.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში