უცხო ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში უხეში ჩარევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა - გივი მიქანაძე

29 აგვისტო 2024, 11:25 313 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ, უცხოური ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევასა და წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა.

"ბრიფინგის ძირითადი მიზანია შეჯამების სახით ფართო საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ  როგორ ხდებოდა ზაფხულის განმავლობაში უცხოური ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევა და რამდენად არის შენარჩუნებული წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.

საანგარიშო პერიოდში უცხო ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში უხეში ჩარევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის მიერ  დაფინანსდა და დაორგანიზდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების  შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. პირველი ასეთი შეხვედრა 17 ივნისს ქუთაისში ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა, სადაც სალომე სამადაშვილს, ხატია დეკანოიძეს, ანა წითლიძეს, თეონა აქუბარდიასა და თამარ კორძაიას მიეცათ წინასაარჩევნო აგიტაციის განხორციელების შესაძლებლობა. მსგავსი შეხვედრები მომდევნო დღეებში შედგა ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთსა და გორში. შეხვედრის ორგანიზებაში NDI-ისთან ერთად ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“. 13 ივლისს წნორში გაიმართა „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „გირჩის“, „გირჩი მეტი თავისუფლებისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერების შეხვედრა მოსახლეობასთან, რომლის თაობაზეც  თავად „ლელოს“ ოფიციალური Facebook  გვერდიც იუწყება. პარტია „ლელო“ მადლობას უხდის NDI-ის კახეთის რეგიონის მაცხოვრებლებთან შეხვედრის შესაძლებლობისათვის. არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მოსახლეობასთან შეხვედრისას საარჩევნო დაპირებებზე ისაუბრეს.

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ინტენსიური, ხელისუფლების საწინააღმდეგო აქტივობები შეინიშნება. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით წინასაარჩევნო კამპანიები დაიწყეს, რისი ნათელი მაგალითიც არის რეგიონებში განხორციელებული ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალი“-ს ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები. ამ კონსტრუქციულ სახელწოდებას ამოფარებული საარჩევნო კამპანიის დონორი ორგანიზაცია „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტები“ იყო, რომელიც დანიის სახელმწიფო  ბიუჯეტით ფინანსდება და ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლებას ექვემდებარება.

პირველი ე.წ. „ფესტივალი“-ს ღონისძიება 27 ივლისს წალენჯიხაში გაიმართა, რასაც 3 აგვისტოს თელავში და 10 აგვისტოს ქუთაისში მსგავსი ღონისძიებები მოჰყვა. საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალში“ მონაწილეობას იღებდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ ეწეოდნენ წინასაარჩევნო აგიტაციას, არიგებდნენ პარტიის ბროშურებს და გასცემდნენ საარჩევნო დაპირებებს. ე.წ. „ფესტივალზე“ არაერთ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ბანერიც გამოიფინა მისი გათავისუფლების მოწოდებით. საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალის“ ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“, რომლის დამფუძნებელია ლევან ცუცქირიძე, რომელიც დღემდე იკავებს ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. ლევან ცუცქირიძემ მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრთან ერთად დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“, რომელიც ივლისის თვეში „ლელოს“ და „ანა დოლიძე-ხალხისათვის“ ალიანსში გაერთიანდა. მათ შეუერთდა ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლები - ირინე კურტანიძე და თამარ ჯოლოხავა. ეს არის ნათელი მაგალითი თუ როგორ სარგებლობენ ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები მათივე მართული არასამთავრობო ორგანიზაციებით და უცხოური დაფინანსებით. გამოდის, რომ დანიური დაფინანსების არასამთავრობო ორგანიზაციამ დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა. ცალსახაა, რომ სახეზეა როგორც ზღვარის მოშლა არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ასევე უცხო ქვეყნის პირდაპირ ჩარევა და ზეგავლენის მოხდენა წინასაარჩევნო პროცესებზე.  ანალოგიური ქმედების განხორციელება ნებისმიერ სახელმწიფოში და მათ შორის დანიაშიც, ბუნებრივია ცალსახად უარყოფითად იქნებოდა შეფასებული.

გაკვირვებას აღარ იწვევს, თუმცა შემდგარი რეალობაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ერთი მხრივ, საუბრობენ არჩევნების თავისუფალ, თანასწორ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებასა და გამჭვირვალეობაზე, მეორე მხრივ კი, აქტიურად ერევიან პოლიტიკური ხასიათის აქტივობებში. საანგარიშო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, საჯაროდ ახორციელებდნენ პოლიტიკური შინაარსის, ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდას და არ იცავდნენ ნეიტრალიტეტს. მათი მცდელობაა საზოგადოების ნაწილს წინასწარ გაუჩინონ მცდარი აღქმა ხელისუფლების მიერ არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების შესახებ. როგორც ჩანს, ორმაგი სტანდარტების გამოყენებას არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სისტემატური ხასიათი მიეცა.

21 ივლისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ორგანიზებით ბათუმში, ეკა გიგაურმა, ნინო ლომჯარიამ და გიორგი უშიკიშვილმა მოსახლეობასთან ერთობლივი შეხვედრები გამართეს. პანელს ზვიად ქორიძე უძღვებოდა. მიუხედავად ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მხრიდან გაცხადებული საარჩევნო პროცესებში ნეიტრალიტეტის სტატუსისა, ღიად დაფიქსირდა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდა. რაც შეეხება გიორგი უშიკიშვილს, მან, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია,  სცენიდან პოლიტიკაში გადაინაცვლა და პარტია „ლელოს“-ს, „ანა დოლიძე -ხალხისათვის“ და „თავისუფლების მოედანს“ შეუერთდა.

გრძელდება არასამთავრო ორგანიზაციების მხრიდან მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიზანდასახული დისკრედიტაციის კამპანია. ამის ნათელი მაგალითია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, იგივე „სოროსის ფონდის“ მიერ სოციალურ ქსელში (Facebook გვერდზე) ხელისუფლების საწინააღმდეგო შინაარსის ვიდეო-კლიპების განთავსება. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა თუ როგორ იყენებენ  არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოურ დაფინანსებას მმართველი პარტიის წინააღმდეგ. ამასთანავე, ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც აფინანსებს არჩევნებზე ადგილობრივ სადამკვირვებელო ორგანიზაციებს. ამ ფაქტებს კიდევ ერთხელ სააშკარაოზე გამოაქვს ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების ჰარმონიული თავსებადობა.

საინტერესოა, რომ წინასაარჩევნო პერიოდზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, „სამართლიან არჩევნებსა“ და სხვა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშებში არცერთი ზემოაღნიშნული ფაქტი არ არის ნახსენები, რაც კიდევ ერთხელ გვიმყარებს განცდას, რომ მათი დამოკიდებულება არის სუბიექტური და ორიენტირებულია მხოლოდ მმართველი პარტიის წინააღმდეგ"- განაცხადა გივი მიქანაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში