ეს არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას, პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, არჩევანი მარტივია - პრემიერი

19 აგვისტო 2024, 16:51 407 ნახვა

ასეთი პრინციპული დღემდე არც ერთი არჩევნები არ ყოფილა, ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბახმაროში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არჩევანის გაკეთება მარტივია – არჩევანი უნდა გაკეთდეს მშვიდობის, მორალის და ქვეყნის ნათელი მომავლის სასარგებლოდ.

„რეგიონში აქტიური მუშაობა უკვე დაწყებულია. უახლოეს დღეებში ასევე თბილისში დავასახელებთ რვავე დელეგატს და შესაბამისად, თბილისშიც სრულად ჩაირთვება კამპანია. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები ბოლომდე მივიტანოთ საზოგადოებამდე. ბუნებრივია, ამას ისედაც ვაკეთებთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ საარჩევნო კამპანია გაძლევს საშუალებას, უშუალოდ მიხვიდე მოქალაქეებთან და ესაუბრო იმ საკითხებზე, რომლებიც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან.

 

ეს არჩევნები არის უკიდურესად პრინციპული არჩევნები. ყველა წინა არჩევნები იყო პრინციპული, მაგრამ მაინც ვიტყოდი, რომ ასეთი პრინციპული დღემდე არც ერთი არჩევნები არ ყოფილა. ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, რეფერენდუმი პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის და, რეალურად, აქ არჩევანის გაკეთება მარტივია – არჩევანი უნდა გაკეთდეს მშვიდობის, მორალის და ქვეყნის ნათელი მომავლის სასარგებლოდ“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის შეფასებით, ადრე იყო ერთი ოპოზიციური ე.წ. ფანჩატური, ახლა იქმნება სამი-ოთხი ფანჩატური, მთავარია, რომ რეალურად, მათ რესურსი არ აქვთ.

„ადრე იყო ერთი ოპოზიციური ე.წ. ფანჩატური, ახლა ერთის მაგივრად იქმნება სამი-ოთხი ფანჩატური. რატომ ჰგონიათ, რომ ერთ ფანჩატურს სჯობია სამი თუ ოთხი, ეს მე არ ვიცი. განსხვავება რაოდენობაში ვერ იქნება. მთავარია, რომ რეალურად მათ რესურსი არ აქვთ“, – აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერის თქმით, 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში დამკვიდრდა სამართლიანი არჩევნების ჩატარების პრაქტიკა და შესაბამისად, ოქტომბერში არჩევნები ჩატარდება მაღალ დონეზე.

„რეალურად, აქ რაიმე არსებითი ცვლილება ვერ შევიდოდა წესებში. საარჩევნო კომისიას აქვს თავისი საქმიანობის მკაფიო პროცედურები და ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში. ეს არის ცესკოს ფუნქცია, ცესკო ამ ფუნქციას თავს ართმევს ძალიან კარგად, მთელი ამ წლების განმავლობაში.

 

2012 წლის შემდეგ დავამკვიდრეთ სამართლიანი არჩევნების ჩატარების პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები ჩატარდება უმაღლეს დონეზე, მითუმეტეს, რომ პირველად ისტორიაში, ეს არჩევნები ჩატარდება ელექტრონული აპარატურის გამოყენებით. ამომრჩეველთა 90% ხმას მისცემს სწორედ ასეთი აპარატურის გამოყენებით საარჩევნო უბნებზე“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მთავარია უცხოური ფული საქართველოში დაიხარჯოს გამჭვირვალედ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი