გიორგი კალანდარიშვილმა დამსაქმებელთა ასოციაციასა და მის წევრებს საარჩევნო სიახლეები გააცნო

27 ივლისი 2024, 10:04 543 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და წევრი ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო.

ინფორმაციას ცესკო-ს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილმა პრეზენტაციის მიმდინარეობისას დეტალურად ისაუბრა საარჩევნო ტექნოლოგიებისა და 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ.

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა დამსაქმებელთა ასოციაციის მხარდაჭერით. გვქონდა საშუალება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია იმ სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე იქნება გამოყენებული. აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში ფაქტობრივად ამომწურავად ვისაუბრეთ ყველა აქტუალურ საკითხზე. რა თქმა უნდა, ასეთი საინფორმაციო შეხვედრები გაგრძელდება, რათა მაქსიმალურად მივიტანოთ ინფორმაცია ყველა ამომრჩევლამდე და ერთობლივად უზრუნველვყოთ ამ არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადმინისტრირება“, – აღნიშნა ცესკო-ს თავმჯდომარემ.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.

"საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა და მას მოდერაციას ასოციაციის პრეზიდენტი, ელგუჯა მელაძე და გამგეობის წევრი, ნიკოლოზ ხუნძიკაშვილი უწევდნენ.

ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. დღეის მდგომარეობით, უკვე ინფორმირებულია 500 000-მდე ადამიანი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი