დაფუძნებიდან 12 წლის თავზე, „ქართულ ოცნებას“ ექნება საკუთარი, თანამედროვე ოფისი, რაც უტყუარი ნიშანია, რომ სულ მცირე, 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ - პრემიერი

16 ივლისი 2024, 21:31 335 ნახვა

პარტიის დაფუძნებიდან 12 წლის თავზე, „ქართულ ოცნებას“ ექნება საკუთარი, თანამედროვე ოფისი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ჩვენ კიდევ, სულ მცირე, 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოს მოუტანა დემოკრატიული გარდატეხა.

„დღეს ვხსნით „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას და „ქართული ოცნების“ ახალ ცენტრალურ ოფისს. პარტიის დაფუძნებიდან 12 წლის თავზე, „ქართულ ოცნებას“ ექნება საკუთარი, თანამედროვე ოფისი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ჩვენ კიდევ, სულ მცირე, 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოს მოუტანა დემოკრატიული გარდატეხა. ქვეყანა გათავისუფლდა უცხოელი აგენტების ავტორიტარული მმართველობისგან, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა შეიწირა. „ქართულმა ოცნებამ“ წარსულს ჩააბარა ადამიანების წამება, ქუჩაში ადამიანების დახვრეტა, ბიზნესზე ძალადობა, მედიის მიტაცება და უამრავი სხვა დანაშაული, რომელსაც ავტორიტარული რეჟიმი ჩადიოდა. „ქართულმა ოცნებამ“ წარსულს ჩააბარა ომის პარტია, რომლის ავანტიურამ 2008 წელს 400-ზე მეტი ჯარისკაცისა და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა, 30 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე დევნილობისთვის გაწირა და ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტი დააკარგვინა. ხელისუფლებიდან აგენტურის და მისი ავტორიტარული მმართველობის ჩამოშორება იყო გარდამტეხი გამარჯვება, რომლისთვისაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს, როგორც ამ ქვეყნის რიგითმა მოქალაქემ, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო. 12 წლის მანძილზე, „ქართული ოცნების“ მმართველობამ საქართველოს, დემოკრატიულთან ერთად, ეკონომიკური გარდატეხაც მოუტანა:  28 მილიარდიდან 80 მილიარდამდე გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა, – რამდენჯერმე გაიზარდა ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის, სპორტის და სხვა სფეროების დაფინანსება, – მილიონ 100 ათასიდან თითქმის 700 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დააღწია თავი სიღარიბეს.

გასული ოთხი წელიწადი განსაკუთრებული სირთულეებით იყო აღსავსე. 2021 წელს ქვეყანამ გამოიარა რევოლუციის პირველი მცდელობა. უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად, დაიწყო უპრეცედენტო ზეწოლა ქვეყანაზე, რასაც 2022 წლის ივნისში რევოლუციის მეორე მცდელობა მოყვა. გლობალური ომის პარტიის ძალისხმევით, საქართველოს სრულიად უსამართლოდ არ მიანიჭეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რითაც ქვეყანა წელიწადნახევრის განმავლობაში ხელოვნურად შექმნილი ე.წ. პოლარიზაციის რეჟიმში აცხოვრეს. შარშან და წელს ორჯერ გათამაშდა საუკუნის თაღლითობა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, როდესაც ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული პრინციპი – საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება ანტიევროპულ მოვლენად გამოგვიცხადეს. ამ ყველაფრის, უპრეცედენტო ზეწოლის, რევოლუციის ორი მცდელობის და ხელოვნურად შექმნილი რყევების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა, უზრუნველყო ეკონომიკის უპრეცედენტოდ სწრაფი ზრდა და მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ამავდროულად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება წარმატებით დაუპირისპირდა ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას და დაიცვა ტრადიციული ფასეულობები, ჩვენი ეროვნული იდენტობის სამი საყრდენი – მამული, ენა და სარწმუნოება. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველომ განიმტკიცა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა: საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი სუვერენული, როგორც არის დღეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 26 ოქტომბერს თითოეულმა მოქალაქემ არჩევანი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობით უნდა გაიაზროს. ქართველი ხალხის სიბრძნის წყალობით შეძლო ხელისუფლებამ გამკლავებოდა რევოლუციის ყველა მცდელობას 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი