ამ გაერთიანებაში ახალი მხოლოდ სიტყვა „ახალია“- ტიტე აროშიძე

10 ივლისი 2024, 17:09 638 ნახვა

პოლიტიკურ ველზე, კიდევ ერთი „გაერთიანება“ ვიხილეთ - გაერთიანდა „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“, ამ გაერთიანებაში ახალი, მხოლოდ სიტყვა „ახალია“ - ასე ეხმაურება აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ბოლო დღეების პოლიტიკურ მოვლენებს.

ტიტე აროშიძის განცხადებით, რაც უნდა გაერთიანდეს ეს სამი ოდიოზური სუბიექტი, იმ ნიშნულს მაინც ვერ გასწვდება, რაც ნაცმოძრაობას 2012 წლიდან ჰქონდა - ეს არის მუდმივად კლებადი 10-15%. 

"მსურს, წინა დღეების პოლიტიკურ მოვლენებს გამოვეხმაურო და დავიწყო თითქოს სიახლით, რატომ „თითქოს“? აქვე განვმარტავ:

გუშინ, ქართულ პოლიტიკურ ველზე, კიდევ ერთი „გაერთიანება“ ვიხილეთ - გაერთიანდა „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“, ამ გაერთიანებაში ახალი, მხოლოდ სიტყვა „ახალია“.
პოლიტიკაში ოდნავ ჩახედულმა ადამიანმაც კი იცოდა, რომ ნაცების დაშლის შემდეგ, წინასაარჩევნოდ, ეს ორი განაყოფი ისევ ერთად წარსდგებოდა არჩევნების მოახლოებისთანავე. რაც უნდა გაერთიანდეს ეს სამი ოდიოზური სუბიექტი, იმ ნიშნულს მაინც ვერ გასწვდება, რაც ნაცმოძრაობას 2012 წლიდან ჰქონდა - ეს არის მუდმივად კლებადი 10-15%. 

ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ისტორიული მეხსიერება გენეტიკური კოდივითაა, მას შემდეგ, რაც უფალმა ადამიანებს დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის სპირალისებული ფორმულა დაუდგინა, რაც უნდა ეცადო, მის შემადგენლობას ვერ შეცვლი, ისევე როგორც, ვერ წაშლი იმ „ჰორორ“ მემკვიდრეობას, რაც ნაცმოძრაობამ, სწორედ ამ ლიდერების ხელით განახორციელა მისი მმართველობის პერიოდში. რაც უნდა „გაკეთილშობილდეს“ ნიკა გვარამია, გირჩი ჯაფარიძე და ნიკანორი, ის სისხლი, რომელიც ქართველი ხალხისგან პირ სახეზე მოივლეს, მთელი ცხოვრების მანძილზე გაყვებათ და ეს ძალიან კარგადაც უწყიან. თუმცა, მეტი რესურსი, ფაქტობრივად, არ გააჩნიათ და ხან დაიშლებიან, ხანაც შეერთდებიან, ოღონდ უნაყოფოდ - როგორც სჩვევიათ, მალევე დაიშლებიან, რადგან ჯერ არ არსებულ ადგილებს ვერ გაიყოფენ.

არჩევნებამდე პერიოდში, არა პოლიტიკურად, არამედ სახელმწიფოებრივად მტრულად განწყობილი ძალები, ყოველნაირ საბოტაჟზე წავლენ. ამის დასტურია მათი კარდაკარ სირბილი, ხან ევროკავშირში, ხანაც კონტინენტზე და ხვეწნა-მუდარა  საქართველოსთვის რაც შეიძლება მეტი სანქციების დაწესებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგებში (რომელსაც ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტები ერთხმად აღიარებენ), ბოლო წლების განმავლობაში, წამყვანი პოზიციები გვიჭირავს, ევროკავშირის გარკვეული მესვეურები მაინც თავისას გაიძახიან და დღენიადაგ სანქციებით გვემუქრებიან. ეს მაშინ, როცა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ყველა იმ სანქციას და რეზოლუციას შეუერთდა, რომელიც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა შემოგვთავაზეს.

საოცარია, მაგრამ ფაქტია, ის ქვეყნებიც კი გვედავებიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას, რომელთაც არა თუ მიღებული, არამედ ყველაზე დესპოტური და კაბალური მეთოდები აქვთ დაკანონებული. თუმცა, ეს მხოლოდ მიზეზი იყო, მიზანი კი, საქართველოს მიერ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად  მიღების წინააღმდეგ გალაშქრებაა

ბევრჯერ ვყოფილვართ ასეთი გამოწვევების წინაშე სხვადასხვა ეპოქაში და არავის ჩვენთვის ხეირი არ დაუყრია, როცა  „აგვირჩევია“ მათ დაკრულზე აყოლა. მხოლოდ ერთეული კასტები თუ სარგებლობდნენ ასეთი სიტუაციით (რაც ეხლა ნაცმოძრაობას და მათ დამქაშებს სურთ).
ახლაც ამ გამოწვევის წინაშე ვართ. მაცდური ოქრო, ვერცხლი და მოჩვენებითი ბედნიერება (შემდგომ ფრონტის გაღვივების 100%-იანი გარანტიით), თუ ჩვენივე ძალებით სახელმწიფოს მშენებლობა, თანასწორუფლებიანი პარტნიორობა ევროკავშირთან და დასავლეთთან, რაც კონსტიტუციაში სწორედ „ქართული ოცნების“ პერიოდში ჩაიწერა.

P.S. მცირედ შევეხები სპორტულ ლაიტმოტივსაც: ფეხბურთელები, რომლებმაც საქართველოს უდიდესი სიხარული აჩუქეს და ჯერ არნახულ წარმატებას მიაღწიეს, შეიძულეს, ანათემას გადასცეს დამსახურებული საჩუქრის მიღებისთვის მადლობის გადახდის გამო. კიდევ იმის გამო, რომ ისინი, მხოლოდ და მხოლოდ, ქართველი გულშემატკივრის გახარებას ცდილობენ და არა პარტია ნაცმოძრაობის გარყვნილ საქმეებზე დითირამბების გახმოვანებას. იმის გამოც, რომ ჩვენი ფეხბურთის წინსვლა „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკის შედეგია და უფრო იმის გამოც,  რომ „ალა ლუსულ“ კანონის წინააღმდეგ აქციებს არცერთმა ფეხბურთელმა მხარი არ დაუჭირა.

P.P.S. იკმარეთ ის მცირე მანდატი, თუ, რა თქმა უნდა, თქვენი მცირერიცხოვანი ამომრჩეველი მოგანიჭებთ. ქართველ ხალხს კი, აცადეთ საქართველოს წინსვლა, აღმშენებლობა, მომავალ თაობებზე ზრუნვა, ფეხბურთის და ზოგადად, სპორტის წარმატებების კიდევ უფრო გამრავალფეროვნება"- აცხადებს ტიტე აროშიძე.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი