საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს.
საუბარია „პოლიტიკოს“ სტატიაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ, ჯო უილსონის კანონპროექტის მიხედვით, საქართველო დემოკრატიის განმტკიცებაში მდგრად პროგრესს თუ აჩვენებს, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს.
მამუკა მდინარაძის თქმით, ამ სატესტო ინიციატივის მიზანია ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელახლა გაღვივება.
"1. ის, რასაც აშშ-ს პოზიციად, ცდილობენ, დღეს გაყიდონ, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კონგრესმენის ინიციატივაა, რომლის მსგავსი არაერთი დაინიცირებულა, თუმცა უშედეგოდ;
2. ინიციატივა ერთდროულად შეიცავს მუქარას და ქვეყანასთან ვაჭრობას მის სუვერენიტეტზე. მუქარას – სანქციებით, ვაჭრობას – ვიზალიბერალიზაციით, სამხედრო დახმარებით და თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობით;
3. რეალურად, ამ სატესტო ინიციატივის მიზანია ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელახლა გაღვივება. ის ახალი მაშველი რგოლია ჩამოშლილი ოპოზიციისთვის. ვხედავთ მათ შესაბამის, ისტერიულ რეაქციებსაც;
4. წარმოუდგენელია მეგობარი ქვეყნის კანონმდებლისგან სანქციებით მუქარაც და ქვეყნის ბედზე და მის სუვერენიტეტზე ვაჭრობაც.
სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა ნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლაც, თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობები და პირდაპირი ფრენებიც გაიხსნას ყოველგვარი ვაჭრობისა და მუქარის გარეშე, რაც ჩვენი არაერთგზის მოწოდებაც იყო!
სანაცვლოდ გაუმჭვირვალობისა და დამოუკიდებლობაზე უარის თქმის მოთხოვნა კიდევ უფრო მიუღებელია, ვიდრე აქამდე უსაფუძვლო უარი ზემოთ ჩამოთვლილ პარტნიორულ საკითხებზე.
ეს ყოველწლიური, გამუდმებული, ხელოვნური ტურბულენტობა და რევოლუციების მცდელობები ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს და ჩვენ მეგობრებისგან ამაში მხარდაჭერას ველოდებით და არა – პირიქით!“ – წერს მამუკა მდინარაძე.