უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად საჭიროა, ნებისმიერი უცხოური გავლენა გამჭვირვალე იყოს - შალვა პაპუაშვილი

20 მაისი 2024, 11:43 428 ნახვა

მიმდინარეობს ერთიანი დირექტივის შემუშავება, რომელიც დაავალდებულებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, უზრუნველყოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობა. ზუსტად ამ პროცესის ნაწილია საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებისთვის საჭიროა, ნებისმიერი უცხოური გავლენა გამჭვირვალე იყოს.

„სხვა დროსაც მითქვამს, რომ, სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია. ის, რაც მისაღებია ევროკავშირისთვის ან ევროპული ქვეყნებისთვის, რატომღაც მისაღები არ უნდა იყოს საქართველოსთვის. სამწუხარო დამოკიდებულება აჩვენებს, რომ სხვებს უფლება აქვთ და ამ უფლებას ჩვენ არ გვაძლევენ. მეორე მხრივ, აჩვენებს უცხოური გავლენის შეზღუდვის საჭიროებას. პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა როდესაც არის, ამისთვის საჭიროა, გამჭვირვალობის გარკვეული დონე იყოს და მავნე შეზღუდვა, ჩარევა შეიზღუდოს.

 

თავად ქალბატონი ფონდერლაიენი არის ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროკომისიის ინიციატივაა დირექტივა, რომელიც ევროკავშირში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხებს ეხება. ეს გარკვეულწილად აჩვენებს საქართველოს მიმართ ფარისევლურ დამოკიდებულებას, როდესაც ვხედავთ, რომ ევროკავშირში დირექტივა მუშავდება, კანონს იღებს საფრანგეთი, ინგლისი, ამერიკაში მოქმედებს, ყველა ქვეყანა ამაზე ფიქრობს. ზუსტად იმიტომ, რომ ბევრი ქვეყანა დაფიქრდა, მიმდინარეობს ერთიანი დირექტივის შემუშავება, რომელიც დაავალდებულებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, უზრუნველყოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობა. ზუსტად ამ პროცესის ნაწილია საქართველო. გარშემო პროცესებს ხედავთ, ფაქტობრივად, ცეცხლის რკალშია მოქცეული საქართველო. იმისთვის, რომ უსაფრთხო გარემო შევინარჩუნოთ საქართველოში, საჭიროა, ნებისმიერი უცხოური გავლენა ქართველი ხალხისთვის გამჭვირვალე იყოს, რათა მავნე გავლენები გამოირიცხოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით,  სამწუხაროდ, როგორც შიდა, ასევე უცხოური აქტორებისგან მიიღეს დისკუსიის რუსული სტილით ჩაკეტვა, ამ კანონისთვის იარლიყის მიწებება და დისკუსიის აკრძალვა ქართველი ხალხისთვის.

„პირდაპირ გვესმოდა ევროპელი პოლიტიკოსებისგან - არანაირი დისკუსია, ეს არის რუსული კანონი და ჩვეულებრივი 90-იანი წლების გემოვნების სტილში ჩამჯდარი საუბარი. 20-30 წლით უკან დაგვაბრუნა ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა ქართული საზოგადოების რაღაც ნაწილი, რომელიც მათ ამ ემოციებზე წამოიყოლეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ბოლოსკენ გამოჩნდა იმის იმედი, რომ უცხოელ აქტორებს შეიძლება ჰქონოდათ შინაარსობრივ დისკუსიაში შემოსვლის მზაობა, თუმცა პრეზიდენტის ვეტომ ეს პროცესი ჩაკეტა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ჩვენ გვყავს „ენჯეოები“, რომლებიც დაკავებულები არიან საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი