დღეს, დასავლურ სამყაროში ლიბერალური დღის წესრიგი ბატონობს - დავით ბაციკაძე

16 მაისი 2024, 16:25 469 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ბაციკაძემ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები  საკანონმდებლო ორგანოს მორიგ პლენარულ სხდომაზე შეაფასა

"დღეს, დასავლურ სამყაროში, ლიბერალური დღის წესრიგი ბატონობს. ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ლიბერალური მთავრობებია, აქედან გამომდინარე, გასაგებია მათი წუხილი და ზრუნვა. გვესმის, რომ მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების თითქმის 90 % ლიბერალური დღის წესრიგით მოქმედებს საქართველოში. მათი მხარდაჭერის მკვეთრი მაგალითი იყო გუშინ და გუშინწინ საპროტესტო აქციაზე გამოსული უცხო ქვეყნის, ამ შემთხვევაში, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის - ბატონი როთის გამოსვლა, სადაც მან უარყოფით კონტექსტში მოიხსენია „ქართული ოცნება“ და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია.

ლიბერალები, რა თქმა უნდა, ეცდებიან, მხარი დაუჭირონ საკუთარ დღის წესრიგს და დაეხმარონ თავიანთ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მის მართვაში. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 6-9 ივნისს ევროპარლამენტის არჩევნებია და ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ევროპარლამენტში ლიბერალებს კონსერვატორები ჩაანაცვლებენ.

იმედი მაქვს, რომ აშშ-შიც გაიმარჯვებენ კონსერვატორები, რაც რამდენიმე წლით მაინც შეაჩერებს ლიბერალურ მმართველობას. ხოლო ევროკავშირის წევრი ქვეყნების - უნგრეთის და სლოვაკეთის მოხსენიება პრორუს ქვეყნებად იმის გამო, რომ ისინი არ აღიარებენ ლიბერალურ დღის წესრიგს, არის ისეთივე ტყუილი, როგორც ის, რომ „ქართული ოცნება“ არის პრორუსული ძალა და მართლმადიდებლობა მხოლოდ რუსული სარწმუნოება“, - აღნიშნა დავით ბაციკაძემ, რომლის განცხადებას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი