ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან ერთად, რათა ქვეყანა წინ წაიწიოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, ვიმედოვნებ, ყველა სირთულის მიუხედავად, წინასვლას მაინც მოვახერხებთ - ევროკავშირის ელჩი

11 მაისი 2024, 12:02 242 ნახვა

ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან ერთად, რათა ქვეყანა წინ წაიწიოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, მიუხედავად ყველა სირთულისა, მაინც მოვახერხებთ წინსვლას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩისნკიმ საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას.

„აქ ვართ ევროპის დღის აღსანიშნავად, ძალიან ლამაზი ადგილია. გვინდა, ეს დღე საქართველოს მოსახლეობასთან ერთად აღვნიშნოთ. ვიცით, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას. ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად, ყველასთან ერთად, რათა წინ წაიწიოს საქართველო ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, რომლის არსებობაც უნდა ვაღიარო, მაინც მოვახერხებთ წინსვლას და სწორედ ამიტომ, მსურს თავი ავარიდო ნეგატიურ შედეგებზე საუბარს. იმ შემთხვევაში, თუ რამე სწორად არ წავა, ნამდვილად მირჩევნია ვისაუბროთ საქართველოს წინსვლის ჯერ კიდევ გახსნილ შესაძლებლობაზე. იმედი მაქვს, უახლოეს კვირებში მოიძებნება გზა წინსვლისა და არა მოვლენების ნეგატიურ სპირალში შესვლისთვის“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში