კანონებს საქართველოს პარლამენტი იღებს, მაგრამ გამჭვირვალობის კანონის დღევანდელი სახით მიღება სერიოზული დაბრკოლება იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის - პაველ ჰერჩინსკი

11 მაისი 2024, 11:59 419 ნახვა

იმედი მაქვს, კანონი ან საერთოდ არ დამტკიცდება, ან იქნება სრულიად განსხვავებული, რომელიც ვენეციის კომისიის იურიდიულ დასკვნაზე იქნება დაფუძნებული, რადგან ამჟამინდელი ფორმით ის ევროკავშირის ნორმებს და ღირებულებებს არ შეესაბამება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩისნკიმ საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებამდე ჟურნალისტებს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის შესახებ“ განუცხადა.

მისი თქმით, ყველაზე მარტივი და საუკეთესო გამოსავალი იქნება, რომ კანონი არ იყოს მიღებული.

„ყველაზე მარტივი და საუკეთესო გამოსავალი იქნება, რომ კანონი არ იყოს მიღებული. ჯერ კიდევ არსებობს ასეთი შესაძლებლობა. არის საპარლამენტო პროცედურები და დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო პროცედურები იქნება დაცული. ყველანი ველოდებით ვენეციის კომისიის აზრს. როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ვენეციის კომისია არის საერთაშორისო სტანდარტების დამდგენი იურიდიულ საკითხებში. დიდი იმედი მაქვს, ან საერთოდ არ დამტკიცდება ეს კანონი, ან თუ ეს კანონი იქნება მიღებული, ის იქნება სრულიად განსხვავებული კანონი, რომელიც დაფუძნებული იქნება ვენეციის კომისიის იურიდიულ დასკვნაზე. მაგრამ, ამისთვის ჯერ კიდევ გვაქვს დრო და მზად ვართ, ვიმუშაოთ ყველასთან, რათა ავიცილოთ მოქმედი კანონის მიღება, რადგან კანონი, როგორც ის არის ახლა, არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს და ევროკავშირის ღირებულებებს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ამავე დროს, ელჩი აცხადებს, რომ საქართველოს კანონებს საქართველოს პარლამენტი იღებს, ქართველების გადასაწყვეტია, რა კანონები უნდათ მათ ქვეყანაში.

„საქართველოს კანონებს საქართველოს პარლამენტი იღებს. ქართველების გადასაწყვეტია, რა კანონები უნდათ მათ ქვეყანაში. მაგრამ ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის როლი, არის ვისაუბრო შედეგებზე. ამ კანონის დღევანდელი სახით მიღების შემთხვევაში, ეს იქნება სერიოზული დაბრკოლება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, ამიტომ ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, ეს კანონი არ იქნება მიღებული დღევანდელი ფორმით. რა თქმა უნდა, როგორც ევროკავშირი, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ შეძლებისდაგვარად. მაგრამ ისევ, საქართველოს კანონების საკითხს საქართველოს პარლამენტში წყვეტენ ქართული პოლიტიკური პარტიები და არა ვინმე სხვა. ასე რომ, გადაწყვეტილება მთლიანად ქართველი პოლიტიკოსების ხელშია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი