ამ ყველაფრის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“ მისი მფარველებითა და ქვეყნის გარედან დამფინანსებლებით - პაპუაშვილი სუსი-ის განცხადებაზე

08 მაისი 2024, 11:40 388 ნახვა

მიმდინარე მიტინგებმა დაგვანახა, რომ ეს პროცესი ყველანაირად გაცდა იმ მშვიდობიანი პროტესტის კულტურას, რომელიც საქართველოში იყო დამკვიდრებული და რომელსაც ანგრევს „ნაციონალური მოძრაობა." ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით, რომ პროტესტების დროს ხიდან ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდებოდა ხოლმე, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვხედავთ შანტაჟს და ზეწოლას საზოგადოების გამორჩეულ წევრებზე, სპორტსმენებზე, ხელოვანებზე. ნახეთ როგორი ზეწოლაა მათზე, იმისთვის რომ დაფიქსირდეს „ნაციონალური მოძრაობის“ და აქციების მონაწილეების სასურველი პოზიცია, მათ შორის სიტყვა-სიტყვით სასურველი პოზიცია. პირდაპირ ცენზურაზე არიან გადასულები ტერორის მეთოდებით და იმ შემთხვევაში თუ რაღაც სიტყვა, რაღაც ფრაზა არ ემთხვევა, დამატებით მორალურ ტერორზე გადადიან. როგორც ამ ადამიანების, ასევე მათი ოჯახის წევრების მისამართით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ შეაფასოს ეს. ეს ეწინააღმდეგება საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ პროტესტის კულტურას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მორალური შეფასება იმ ზიზღის, მუქარის, შანტაჟის, ზეწოლის კამპანიისა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს წამოწყებული, მათ შორის სოციალურ ქსელებში.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები დაფიქრდნენ, რომ ეს არ არის მათ ოთახში ნათქვამი სიტყვები, არამედ საჯარო განცხადებები, რომლებიც შემდეგ აღვივებს ზიზღს, დაპირისპირებას საზოგადოებაში, ახდენს მორალურ ტერორს სხვა ადამიანებზე, მათ ოჯახის წევრებზე. თავისთავად, როდესაც საზოგადოებას ექნება რაიმე რეაქცია, მორალური შეფასება ამ საკითხების, ეს ადამიანებიც მოერიდებიან ასეთი სახის ქმედებებსა და განცხადებებს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარე სუსის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც საუბარია გარკვეული ჯგუფების მცდელობაზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, განავითარონ ძალადობრივი სცენარები, რაც დემონსტრანტებს შორის მძიმედ დაშავებულებს და მსხვერპლს გამოიწვევს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ამ ყველაფრის უკან ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ დგას.

„ისინი მიჰყვებიან იმ სცენარს, რომელიც სხვა ქვეყნებში განხორციელდა და ეს პარალელები უკრაინასთან ძალიან ცხადია. ვხედავთ მათ მოწადინებას და ხანდახან წაცდენებს, როდესაც მსხვერპლზე საუბრობენ. სულ ახლახან ჭიაბერაშვილს ჰქონდა ასეთი წაცდენა, როდესაც მსხვერპლზე საუბრობდა.

ფაქტია, მიდიან ყველანაირ დაძაბვაზე, შტურმსა და პოლიციის წინააღმდეგ ძალადობაზე, ამიტომ, მნიშვნელოვანია ყველა დაფიქრდეს, რომ ამ ყველაფრის უკან სინამდვილეში დგას „ნაციონალური მოძრაობა“ მისი მფარველებით და ქვეყნის გარედან დამფინანსებლებით. ის ორგანიზაცია, რომელსაც სურს ქვეყნის არევა და მისი მიზანია ხელისუფლების არადემოკრატიული გზით ხელში ჩაგდება და ამ ქვეყნის ომში გადაგდება. ეს არის მთავარი ამოცანა, რომელიც ამ ძალებს ამოძრავებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, სუსის განცხადება ასახავს იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ რეალურად, რომ მიდის ძალადობრივი პროცესების ინსპირირება. 

„ვხედავთ პირდაპირ პარალელებს მაიდანთან, მექორწილე წყვილი, იგივე ფოტოები, აბსოლუტურად იგივე რიტუალების ჩატარება და ვიზუალის დადგმა. დაქორწინებული წყვილი, ადამიანი, რომელიც ფორტეპიანოზე უკრავს და სხვადასხვა ვიზუალები, რომლებსაც ისინი ქმნიან იმისთვის, რომ შეიფუთოს ეს ძალადობრივი აქციები, რომლებიც სინამდვილეში ტარდება. გულდასაწყვეტია, რომ როდესაც ვიხილეთ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა და შტურმი პირდაპირ ეთერში, მოვისმინეთ ზოგიერთი უცხოელი აქტორის შეფასება, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია, რომ პოლიციას ძალა არ უნდა გამოეყენებინა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი