თანამედროვე გამოწვევების პირობებში, გავაძლიერებთ ძალისხმევას, რაც ემსახურება ჩვენი ჯარის გაძლიერებას - ირაკლი ჩიქოვანი

30 აპრილი 2024, 13:01 182 ნახვა

თანამედროვე გამოწვევების პირობებში, ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ძალისხმევას, რომელიც ემსახურება ჩვენი ჯარის გაძლიერებას, სათანადო აღჭურვას, მზადყოფნის ამაღლებასა და თითოეულ თქვენგანზე ზრუნვას,- ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საზოგადოებას და, განსაკუთრებით, რეკრუტებს, რომლებმაც საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს სამხედრო ფიცი დადეს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული ჯარი უნდა პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს.

„ქართული ჯარი, თანამედროვე გამოწვევებისა და რეალური საფრთხეების გათვალისწინებით, უნდა გახდეს კიდევ უფრო უკეთესად ადაპტირებული ტექნოლოგიურ ცვლილებებთან, სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული, თითოეული სამხედრო კი, უფრო მეტად დაფასებული“. ირაკლი ჩიქოვანმა სახელმწიფოებრივი მიზნისკენ – საქართველოს დაცვისკენ მიმართულ გზაზე საზოგადოებისა და ჯარის კონსოლიდაციაზეც გაამახვილა ყურადღება. „რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია რეალობაზე დაფუძნებული დასკვნების გამოტანა და, ასევე, საზოგადოების კონსოლიდაცია, ჯარისა და მოსახლეობის ერთიანობა. ჩვენი ჯარი, დიდი ოჯახი არის ინდივიდების ერთობა, რომელიც ემსახურება უმაღლეს სახელმწიფოებრივ მიზანს - დაიცვას ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, მომავალში საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება.

"მსურს, მადლობა გადავუხადო მათ საქართველოს და თავდაცვის ძალების ურყევი მხარდაჭერისთვის და ათწლეულების განმავლობაში მის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის. დღეს, როდესაც საფრთხეშია ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა, მიმდინარეობს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში