მოგმართავთ თქვენ, რამეთუ დღეს ამუშავდა შავ-ბნელი ძალები და ცდილობენ საზოგადეობის გახლეჩას - სალომე ზურაბიშვილი ქართულ ჯარს

30 აპრილი 2024, 11:35 433 ნახვა

მოგმართავთ თქვენ, ქართულ ჯარს, რამეთუ დღეს ამუშავდა შავ-ბნელი ძალები და ცდილობენ, ის ქვეყანა, რომელიც ვერ დააჩოქეს, ვერც ეთნიკური კონფლიქტების გამოწვევით, ვერც ძმათა შორის დაპირისპირების გაჩაღებით, ვერც პირდაპირი ომით და ოკუპაციით ვერ დაიმორჩილეს, დღეს კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მტერმა ძალიან კარგად იცოდა და იცის, რომ საქართველოს სისუსტეს მხოლოდ საზოგადოებაში ბზარის გაჩენა იწვევს.

„მივესალმები საქართველოს ჯარს, მის რიგითებს, კაპრალებს, სერჟანტებს, ოფიცრებს, გენერლებს; მივესალმები პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თავდაცვის მინისტრს და თავდაცვის ძალების მეთაურს; მივესალმები დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს; მივესალმები ქართველ ხალხს, ვინც დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობს საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს.

 

მივმართავ ჯარს, რომლის მთავარსარდლობას ამაყად ვატარებ: მოგმართავთ ქართულ ჯარს, როგორც ქვეყნის საგუშაგოზე მდგარს და ჩვენს საიმედო ფარს. დღეს მოვედი თქვენთან, რამეთუ თქვენ ხართ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის სიმბოლო. ამ მიზანს ემსახურებით 33 წელია, იმავე მიზანს, რომელსაც ემსახურებოდა დამოუკიდებელი საქართველოს ჯარი 1918-1921 წლებში. ემსახურებოდნენ იუნკრები, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოს უკლებლივ ყველა გუშაგი და რამაც დღემდე მოგვიყვანა.

 

მოგმართავთ თქვენ, რამეთუ დღეს ამუშავდა შავ-ბნელი ძალები და ცდილობენ, ის ქვეყანა, რომელიც ვერ დააჩოქეს, ვერც ეთნიკური კონფლიქტების გამოწვევით, ვერც ძმათა შორის დაპირისპირების გაჩაღებით, ვერც პირდაპირი ომით და ოკუპაციით ვერ დაიმორჩილეს, დღეს კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას.

 

მტერმა ძალიან კარგად იცოდა და იცის, რომ საქართველოს სისუსტეს მხოლოდ საზოგადოებაში ბზარის გაჩენა იწვევს. 30 წელზე მეტია, რაც ეს ქვეყანა და მისი საზოგადოება ერთი მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული - ევროპული პერსპექტივა, როგორც ერთადერთი ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, იდენტობის, მრავალფეროვნების, ტოლერანტობის, მშვიდობისა და განვითარების გზა. ამ 33 წლის განმავლობაში არაერთი კრიზისი, ვნებათაღელვა განსხვავებული პოლიტიკური მოძრაობები იყო, თუმცა ამ ერთ მიზანს აქამდე არავინ აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით,  ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი 30 წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოაჩინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად“, რომელიც საქართველოს ავანტიურასა თუ კონფრონტაციაში იწვევს, ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა.

„საქართველოს ჯარმა კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე, ვინ ცდილობდა ჩვენს განადგურებას და ვინ დაგვეხმარა ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვის ძალები. საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, რატომ ვიბრძოდით საერთაშორისო მისიებში, რამეთუ ჩვენი წვლილი და ღირსეული კონტრიბუცია შეგვეტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. რამდენი ჩვენი ჯარისკაცი ღირსეულად ემსხვერპლა ამ საკაცობრიო მიზანს- ტერორიზმთან ბრძოლას. დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი 30 წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოაჩინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად“, რომელიც საქართველოს ავანტიურასა თუ კონფრონტაციაში იწვევს, ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა. ჩვენ და პირველ რიგში, თქვენ, ყველამ კარგად ვიცით, არა მხოლოდ უკანასკნელი 30 წლის მაგალითზე, თუ ვინ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის მოუსვენარი მტერი, ვინ ებრძოდა 19-ე საუკუნიდან დაწყებული ქართულ ენას, ვინ ებრძოდა გამუდმებით ქართულ ეკლესიას და სარწმუნოებას, ვინ ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ყოველივე მცდელობას“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა, მოყვარე და მოკავშირე, მოკავშირე არაა, იგივეა, რაც იმის უარყოფა, რომ დედა დედაა და მამა მამაა.

"იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა რაც იმის უარყოფა, რომ დედა-დედაა და მამა-მამაა! ვინ, თუ არა ქართულმა ჯარმა, იცის – ვინ ჩაგვიტარა წვრთნები, ვინ მიიღო ჩვენი სტუდენტები სხვადასხვა სამხედრო აკადემიაში, ვინ გაგვამხნევა როცა გვიჭირდა, როცა გვჭირდებოდა აღჭურვა და სხვა მრავალი რამ და დღესაც ვინ დგას ჩვენსგვერდში. სწორედ იმ დროს, როცა ქვეყანა გზაგასაყარზეა და ყველაზე ეგზისტენციალური არჩევანი უნდა გააკეთოს – იყოს ან არ იყოს, რამეთუ თავისუფლების გარეშე ყოფნა არსებობა არაა.

ჩვენ ყველას გვევალება მოვძებნოთ გზა ერთიანობის, ვაჩვენოთ გამძლეობა, მხნეობა, შემართებოს და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი, ხოლო ვინც თესავს დაპირისპირებას და პროვოკაციას, ის საკუთარი ჯარის და სამშობლოს წინააღმდეგიც არის, ვინც ქადაგებს ერთობას ის ქვეყნის მომავალზე, ახალგაზრდობაზე დებს ფსონს. მინდა, თქვენ მადლობა მოგახსენოთ წარსულისთვის და ხვალინდელი გამარჯვებისთვის. თქვენი და ჩვენი გამარჯვება არა ომზე, არამედ მშვიდობაზე გადის, მშვიდობიანი საქართველო მხოლოდ ევროპის წიაღში და თანასწორუფლებიან თანამეგობრობაში მოიაზრება. თქვენ ამ მომავლის სადარაჯოზე დგახართ! გაუმარჯოს საქართველოს ჯარს, თავდაცვის ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი