ყველა კუთხის, სოფლის, ქალაქის ბევრი წარმომადგენელი არის აქ და ეუბნება მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ამაყი, დამოუკიდებელი, სუვერენული ერი - მამუკა მდინარაძე

29 აპრილი 2024, 20:34 388 ნახვა

ჩვენ ყველანი ერთად შევქმნით ღირსეულ მომავალს, ისეთს, როგორსაც ამაყი ქართველი ერი იმსახურებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საერთო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მივესალმები ჩვენს ამაყ ქვეყანას. მივესალმები საქართველოს ღირსეულ, პატრიოტი ხალხით, სიამაყით სავსე საქართველოს. მოგესალმებით, ქართველებო, მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, დედებო, მამებო, ბებიებო და ბაბუებო, დებო, ძმებო, შვილებო, ბიჭებო და გოგოებო. ჩვენ, ყველანი ერთად შევქმნით ღირსეულ მომავალს, ისეთს, როგორსაც ამაყი ქართველი ერი იმსახურებს. დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, არამედ მთელ მსოფლიოს, რომ არ არსებობს მსოფლიოში იმაზე ამაყი, თავდაჯერებული, ღირსეული ერი, როგორიც არის ქართველი ერი. ქართველები, რომლებიც ვერასდროს წარმოვიდგენთ ჩვენს თავს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოძმეების გარეშე, რომელიც ორიენტირებული ვიქნებით ყოველთვის, რომ რაც შეიძლება მალე ჩვენ ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში, ერთიან, ძლიერ, თავისუფალ, სრულად დამოუკიდებელ საქართველოში. მინდა, მივესალმო ჩვენს ქართველებთან ერთად, ყველა ჩვენს ეთნიკურ ჯგუფს, ყველას, აფხაზებს და ოსებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს და ყველას, ვინც კი ამ ქვეყნის მოქალაქეა და ვინც ქართველია, რადგან არსებობენ ქართველი სომხები, ქართველი აზერბაიჯანელები, ჩვენ, ყველანი ერთად ქართველებად ვიწოდებით. ჩვენი საერთო მრწამსი მდგომარეობს იმაში, რომ დიდი ილიას სიტყვებს მივყვებით – მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში. ჩვენი ადგილი არის ევროპაში, ჩვენ უნდა გავხდეთ აუცილებლად ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრები. ამასთან ერთად, უნდა ვთქვათ, რომ ევროპა ქართველებთან ერთად უფრო გამდიდრდება, უფრო ღირსეული, უფრო თამამი, ამაყი იქნება, რადგან ჩვენ შევავსებთ ევროპას, ჩვენ, ჩვენი კულტურით, იდენტობით კიდევ უფრო გავამდიდრებთ ევროპას. ჩვენი სვლა არ არის მარტივი. ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ ბევრი ამოცანა გვაქვს წინ, ბევრი ამოცანა აქვს „ქართულ ოცნებას“, ბევრი ამოცანა აქვს მას თავის ლიდერებთან ერთად, თავის საპატიო თავმჯდომარესთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ეს არის სვლა დეოკუპაციისკენ, სვლა ეკონომიკური განვითარებისაკენ, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ. ეს არის სვლა გრძელვადიანი მშვიდობისაკენ და ყველაფერი ერთად ცოტა რთულია, მაგრამ ამას ყველაფერს ერთად შევძლებთ. ამას შევძლებთ მყარად, სიამაყით და რაც მთავარია, ორ ფეხს დგომით.

არ შეიძლება, ამ პოზიტიურ საუბართან ერთად, არ გავიხსენოთ ჩვენი უკანასკნელი დროის ძალიან დიდი, ბევრი წარმატება. თქვენ იცით, რომ ახლა კამპანია დაიწყო საქართველოს მთავრობამ, ამ ყველაფერს დიდი პიარი არ სჭირდება, მაგრამ მაგალითად, პირველად ისტორიაში ჩვენმა სპორტსმენებმა როგორ გვასახელეს, ამის ართქმა არ შეიძლება. საქართველოს ეროვნული ნაკრები, საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა. პირველად ისტორიაში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. პირველად ისტორიაში საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, ეს განვითარების, წინსვლის გარეშე შეუძლებელია. პირველად ისტორიაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ექვსი ერის გუნდებთან გაიმარჯვა დაბოლოს, განსაკუთრებული სიხარული რამაც მოგვანიჭა, პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. მივულოცოთ და მადლობა გადავუხადოთ თითოეულ იმ გმირ ბიჭს, რომელმაც ეს სიხარული გვარგუნა. მივესალმები უდიდეს რაოდენობას და აქ რაოდენობაზე არ არის, ეს არ არის მთლად სწორი სიტყვა, მივესალმები იმ ადამიანებს, რომელთა მიმართ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ არ დარჩენილან დღეს საქართველოში არცერთი ოჯახი, რომლის თითოეული წარმომადგენელი აქ არ იყოს. ყველა კუთხის, სოფლის, ქალაქის ბევრი წარმომადგენელი აქ არის და ეუბნება მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ამაყი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქართველი ერი. საქართველოს გაუმარჯოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში