მამული, ენა და სარწმუნოება არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას - პრემიერი

25 აპრილი 2024, 12:15 903 ნახვა

მამული, ენა და სარწმუნოება - ეს არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას IV საუკუნიდან, როდესაც საქართველომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საუკუნეების განმავლობაში, ქართველები იბრძოდნენ და თავს სწირავდნენ საკუთარი სამშობლოს დასაცავად.

„მამული, ენა და სარწმუნოება - ეს არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას IV საუკუნიდან, როდესაც საქართველომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.

 

ისტორიულად, ჩვენს პატარა, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე და ამაყ ქვეყანას იმპერიების გზაგასაყარზე უწევდა არსებობა. საუკუნეების განმავლობაში, ქართველები იბრძოდნენ და თავს სწირავდნენ საკუთარი სამშობლოს, მამულის დასაცავად.

 

საუკუნეების მანძილზე, ქართველები ერთგულად იცავდნენ საკუთარ ენას. ბოლოს, 1978 წელს ჩვენი მშობლების თაობა მტკიცედ დადგა ქართული ენის დასაცავად, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმება გადაწყვიტა. ხალხის პრინციპულობამ შედეგი გამოიღო და საბჭოთა ხელისუფლებას უკან დახევა მოუწია.

 

ჩვენ, ქართველებს საუკუნეების მანძილზე გვიწევდა ბრძოლა საკუთარი სარწმუნოების, ქრისტიანობის დასაცავად. ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს. ამიტომ, ყველა დამპყრობელი თავის პირველ ამოცანად ქართველი ხალხის სარწმუნოებაზე შეტევას ისახავდა მიზნად. ბოლოს ამას აკეთებდნენ საბჭოთა ბოლშევიკები, რომლებიც ეკლესიებს ანგრევდნენ და მორწმუნეებს ლოცვას უკრძალავდნენ. თუმცა, საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა და ქრისტიანობის დაცვა და შეინარჩუნა.

 

ჩვენი ქვეყნის დღევანდელი გამოწვევები მსგავსია იმისა, რომელთა წინაშეც საქართველო საუკუნეების მანძილზე იდგა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ეს გამოწვევები დღეს მთელი მსოფლიოს გამოწვევებად იქცა, რომლებიც რისკებს თანაბრად უქმნის როგორც პატარა, ისე ყველაზე დიდ ქვეყნებსა და ერებს.

 

დღეს ე.წ. ლიბერალები აყენებენ რისკის ქვეშ ქვეყნებისა და ერების იდენტობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამგვარი რისკების წინაშე ყველაზე მეტად ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები დგანან, სადაც ე.წ. ლიბერალურ იდეოლოგიას ყველაზე ფართოდ აქვს ფესვები გადგმული“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, ორიოდე დღის წინ ქართველმა ე.წ. ლიბერალებმა საქართველოს ეროვნული იდენტობის კონცეფციის შეცვლაც კი სცადეს და სიტყვები მამული, ენა, სარწმუნოება, სიტყვებით მამული, ენა, ერთობა შეცვალეს.

„ე.წ. ლიბერალებსა და ბოლშევიკებს შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ბოლშევიკები რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ იარაღად უროს იყენებდნენ, ე.წ. ლიბერალები კი ქრისტიანობას პროპაგანდით ებრძვიან, რომელსაც მედიის ტოტალური კონტროლის პირობებში, უროზე ბევრად დიდი ძალა აქვს. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მათი თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა. ორიოდე დღის წინ ქართველმა ე.წ. ლიბერალებმა საქართველოს ეროვნული იდენტობის კონცეფციის შეცვლაც კი სცადეს და სიტყვები – მამული, ენა, სარწმუნოება სიტყვებით – მამული, ენა, ერთობა შეცვალეს და ამოიღეს რელიგია, რწმენა ამ სამებიდან.

 

ე.წ. ლიბერალების კონცეფციით, არა მხოლოდ ქვეყანასა და ერს, ცალკეულ ადამიანსაც კი არ უნდა ჰქონდეს რაიმე მყარი იდენტობა. არ უნდა არსებობდეს რაიმე მორალური ზღვარი ადამიანის პირად ცხოვრებაში. ამ პროპაგანდას აქვს შემაშფოთებელი შედეგები როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში. როგორც სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, აშშ-ში და ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში, 18-25 წლის მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტი საკუთარ თავს ლგბტ პირად აცხადებს. ეს მაჩვენებელი სამჯერ ნაკლებია 26-32 წლის ასაკის ახალგაზრდებში, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპაგანდამ ლგბტ პირების რაოდენობა სულ რაღაც შვიდ წელიწადში გაასამმაგა“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, საქართველო დღემდე არსებითად წარმატებით ახერხებს როგორც საკუთარი ეროვნული და რელიგიური იდენტობის, ისე ტრადიციული ღირებულებების დაცვას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი