ეროვნულ ინტერესებს ვერც რუსულს დაარქმევს ვინმე და ვერც ჰომოფობიას - მამუკა მდინარაძე

23 აპრილი 2024, 13:13 353 ნახვა

ეროვნულ ინტერესებს ვერც რუსულს დაარქმევს ვინმე, ვერც ჰომოფობიას. საჯარო მოხელეებიც, პედაგოგებიც, ახალგაზრდებიც, სტუდენტებიც, პენსიონერიც, მხარს დაუჭერს ეროვნულ პოლიტიკას - მამულს, ენას და სარწმუნოებას, -  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 29 აპრილის შეკრებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიგი უგულავას განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

"29 აპრილის შეკრებამ სრული ისტერია გამოიწვია ფსევდო ლიბერალებში, „ნაცმოძრაობაში“, რადიკალურ ოპოზიციაში. ხდება მათი [„ქართული ოცნების“ მხარდამჭერების] პირდაპირი შეურაცხყოფა და გაშავება. ახლა დასდევენ საჯარო მოხელე იქნება, თუ არა. ხალხო, საჯარო მოხელე ერთ პოსტს რომ დადებს, ხელისუფლების საწინააღმდეგოს, ერთი-ორი ვინმე რომ გამოჩნდება სოციალურ ქსელებში, ან აქციაზე, მთელი კამპანია აქვთ ხოლმე აგებული, საჯარო მოხელე პროტესტს უცხადებსო. ვერ წარმოუდგენიათ, რომ საჯარო მოხელეს შეუძლია პროტესტიც გამოუცხადოს ხელისუფლებას და მხარიც დაუჭიროს. ესენი ადამიანები არ არიან?! გარანტიას ვაძლევ ამ ისტერიის ავტორებს, რომ საჯარო მოხელეებიც იქნებიან იქ [შეკრებაზე] და სხვა მოქალაქეებიც, ორჯერ და სამჯერ მეტი. დიახ, პარტიული დავალებაა, რომ პარტიის წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები იქნებიან, თუ არ იქნებიან, ორგანიზება მოხდეს.

ჩვენი და პირადად ჩემი დავალებაა ჩვენი პარტიული დანაყოფების მიმართ, რომ თუ ვინმეს წამოსვლა უნდა აქციაზე, უზრუნველყონ მათი ორგანიზებულად წამოსვლა თბილისში. მიზანი არის, რომ დავანახოთ ვინ უჭერს სწორ, ეროვნულ პოლიტიკას - გამჭვირვალობას, რეალურ დემოკრატიას, რეალურ ევროპელობას მხარს და რას უკრძალავენ ან საჯარო მოხელეებს, ან მასწავლებლებს?! თუ ვინმეს უნდა იმ დღეს მაგალითად რაიონიდან წამოსვლა, დაწერს შვებულებას და წამოვა. თუ არ უნდა, ტელეკამერების მეშვეობით მივმართავ - ერთი ადამიანის დარწმუნებაც არ სცადოს ჩვენმა პარტიულმა აქტივმა, რომ წამოიყვანონ ვისაც ამის სურვილი არ აქვს. ახლა იმ ხალხის გაშავებას ყველამ თავი დაანებეთ და კეთილი ინებეთ, პატივი ეცით საჯარო მოხელესაც, იმ ადამიანსაც, ვინც საჯარო მოხელე არ არის. ყველა კატეგორიის ადამიანი იქნება - ახალგაზრდაც, ხანში შესულიც, შუახნისაც და ეს იქნება სრული ფიასკო იმ ნარატივისა, თითქოს ხალხს რაღაც უნდა და უპირისპირდებიან აქციითო. ეროვნულ ინტერესებს ვერც რუსულს დაარქმევს ვინმე, ვერც ჰომოფობიას და ის ხალხი, საჯარო მოხელეებიც, პედაგოგებიც, ახალგაზრდებიც, სტუდენტებიც, პენსიონერიც, მხარს დაუჭერს ეროვნულ პოლიტიკას - მამულს, ენას და სარწმუნოებას. ეს იქნება ქართველი ხალხის მკაფიო გზავნილი“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მდინარაძემ კომენტარი გააკეთა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოში საგარეო გავლენის გამჭვირვალობის კანონის გამო.

"ხომ არ უთქვამს ბატონ ბორელს, რატომ აშორებს გამჭვირვალობა ევროპას საქართველოს? რაც შეიძლება საფრანგეთისთვის უფრო მკაცრი ფორმით, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის? ვინმემ გაგვცეს ამაზე პასუხი. როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის და ა.შ. ამაზე პასუხი არ არსებობს.

რაც შეეხება პირობას, როდესაც მე და თქვენ რაღაცას ვამბობთ - მე ვამბობ, რომ გავიწვიე კანონი და აღარ დავაბრუნებ, თქვენ ამბობთ, რომ ისედაც გამჭვირვალეა „ენჯეო“ სექტორი. როდესაც შემდეგ ისედაც გამჭვირვალე კი არა, კიდევ უფრო გაუმჭვირვალე ხდება, ჩემი პირობა შეუძლებელია, ძალაში იყოს. ჩემი ვალდებულებაა საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე, რომ მოვიქცე სხვანაირად. ისევ დავაინიცირო კანონი და ისევ მივცე მსვლელობა ამ საკითხს. დიახ, დაირღვა პირობა გამჭვირვალობის შესახებ. კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა და შენ დაარღვიე პირობაო აქეთ გვიტრიალებენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი