დემოკრატიაში გამჭვირვალობა, სიტყვის თავისუფლება ის ღირებულებებია, რომლებიც უნდა იყოს განმსაზღვრელი, ამიტომ მაქსიმალურად დავიცავთ ორივე პრინციპს - ირაკლი კობახიძე

08 აპრილი 2024, 11:43 432 ნახვა

დემოკრატიულ საზოგადოებრივ წესწყობილებაში გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს. ვერავინ ასაბუთებს, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი. შარშან, მოახერხეს და საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, თუმცა ამას დარწმუნებული ვარ, ვეღარ შეძლებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, დემოკრატიაში გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება არის ის ღირებულებები, რომლებიც უნდა იყოს განმსაზღვრელი.

„მე პირადად, უკვე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით. ამიტომ ამ საკითხზე დეტალურად არ ვისაუბრებ. ზოგადად ვიტყვი, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, დემოკრატიულ საზოგადოებრივ წეს-წყობილებაში, გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა. აკვირდებით დებატებს და ვერავინ ასაბუთებს, რატომ შეიძლება, იყოს გამჭვირვალობა ცუდი.

 

გუშინ მოვისმინეთ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის აღიარებითი ჩვენება, შინაარსში არ უნდა შევიდეთო –  ასეთი განცხადება გააკეთა. შინაარსი არის ხელისუფლების ველიო. ანუ უშინაარსობა არის ჩვენი ოპონენტების ველი, შინაარსი – ხელისუფლების ველი. ამაზე უკეთეს აღიარებას ჩვენ ვერ ვინატრებდით. ნამდვილად ასეა, შინაარსი, კანონპროექტი არის გამართული. ერთადერთი, რასაც ეს კანონპროექტი ითვალისწინებს, არის წლიური დეკლარირება იმ ფინანსებისა, რომელიც არ აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რამდენიმე მედიასაშუალებას და გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული, გაუმჭვირვალობა – ევროპული.

 

შარშან მოახერხეს და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მეორედ ამას ვეღარ შეძლებენ. ასევე გაირკვა, რომ „ფეისბუქში“, სოციალურ მედიაში ცენზურას ახორციელებენ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტ პარტიებთან დაკავშირებული ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციები, „ფაქტ-ჩეკი“ და „მითების დეტექტორი“, ანუ გვარებით რომ ვთქვათ, სერგი კაპანაძე, თამარ კინწურაშვილი. ყველამ იცით ეს სახელები და გვარები. ეს ადამიანები თავის დროზე როცა იყვნენ ხელისუფლებაში, ხელისუფლებასთან აფილირებული, თავად აწარმოებდნენ ცენზურას მედიასაშუალებებში. დღეს ამის საშუალება აღარ აქვთ ამ მასშტაბით, მაგრამ სადაც შეუძლიათ, იქ აწარმოებენ ამ ცენზურას – ეს არის სოციალური მედია. საინტერესო ის არის, რომ ჩვენს ოპონენტებს შორის ამ ცენზურას მოჰყვა დიდი პოზიტიური აჟიოტაჟი. ეს აჩვენებს ხელწერას და ეს აჩვენებს ღირებულებებს. ანუ გაუმჭვირვალობა და ცენზურა არის ამ ადამიანებისთვის ევროპა, ასე წარმოგვიჩენენ და საპირისპირო განცხადებები რაც არის, ყველამ ძალიან კარგად იცით. ჩვენთვის მიუღებელია როგორც გაუმჭვირვალობა, ისე ცენზურა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დემოკრატიაში გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება არის ის ღირებულებები, რომლებიც უნდა იყოს განმსაზღვრელი, ამიტომ მაქსიმალურად დავიცავთ როგორც ერთ, ისე მეორე პრინციპს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, „ენჯეოების“ საქმიანობა სრულიად გაუმჭვირვალეა და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, ვინ რისთვის ფინანსდება. ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ეს თანხები ისედაც არის გამჭვირვალე.

„ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს მთავრობისთვის და სამთავრობო დაწესებულებისთვის ახლაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების თაობაზე. ეს არის სიცრუე. ჩვენ ამოვიღეთ ინფორმაცია შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის თაობაზე. ესენი არიან რესურსულად ყველაზე ძლიერი, ამ შემთხვევაში, მდიდარს არ ვიტყვი და ასევე ექსტრემიზმით გამორჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები. გაირკვა, რომ 2012 წლიდან მათ მაქსიმუმ 18% აქვთ დეკლარირებული იმ ფინანსების, რომელსაც ხარჯავენ. კერძოდ რაც იყო ნაჩვენები, ეს იყო 85 მილიონ 400 ათასი ლარი. ეს არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ, სულ მცირე, ასეთი ხარჯი აქვს გაწეული შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა არ გვაქვს არავითარი ინფორმაცია ამ თანხების მიზნობრიობისა და კონკრეტული წყაროების თაობაზე.

აქედან დეტალური ინფორმაცია გვაქვს მხოლოდ 18%-თან დაკავშირებით, 15 მილიონ 400 ლართან დაკავშირებით. ანუ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 85 მილიონზე მეტიდან, სულ მცირე, 70 მილიონი მათ დახარჯული აქვთ ყოველგვარი ინფორმაციის, დეტალური ინფორმაციის წარმოდგენის გარეშე, სრულიად გაუმჭვირვალედ. არავითარი ინფორმაცია არ აქვს მთავრობასაც კი ამასთან დაკავშირებით.

აღარაფერს ვამბობ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება. ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც კი ვერ ვაკონკრეტებ. შესაბამისად, საზოგადოებისთვის არის ნული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, უშუალოდ სამთავრობო დაწესებულებისთვის არის ხელმისაწვდომი ინფორმაციის მაქსიმუმ 18%.

გარდა ამისა, ისიც აღსანიშნავია, რომ მათი ხარჯებიდან დიდი ნაწილი საერთოდ არ არის ნაჩვენები ფინანსთა სამინისტროში. აქ არ შედის, მაგალითად, სამივლინებო ხარჯები, ოფისის ქირის უდიდესი ნაწილი, ელექტრონული ზედნადების გარეშე განხორციელებული შესყიდვები, რაც საკმაოდ დიდი მოცულობაა. შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არა 82%, არამედ მათ მიერ დახარჯული თანხების 90%-ზე ბევრად მეტი არის სრულიად გაუმჭვირვალე საზოგადოებისთვის. მთავრობისთვისაც კი აბსოლუტურად ხელმიუწვდომელი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რისთვის დაფინანსდა შესაბამისი ორგანიზაციები. არის ერთ-ერთი ყველაზე ფინანსურად ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც 0,4 % აქვს მხოლოდ დეკლარირებული, არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც განსაკუთრებულად გამოირჩევა ექსტრემიზმით და მათ საერთოდ ნული აქვთ ნაჩვენები – საიდან და რა მიზნით მიიღეს დაფინანსების სახით.

ეს არის საერთო სურათი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აქედან ჩანს, რომ „ენჯეოების“ საქმიანობა, მთლიანობაში, თვისებრივად სრულიად გაუმჭვირვალეა და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, ვინ რისთვის ფინანსდება. შესაბამისად, ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ეს თანხები ისედაც არის გამჭვირვალე. ფაქტები აჩვენებს, რომ არავითარი გამჭვირვალობა არ არის უზრუნველყოფილი. მნიშვნელოვანია, საზოგადოება სრულად იყოს ინფორმირებული ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის იმის შესახებ, რა წყაროებიდან და რისთვის ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები. ამისთვის ახლად ინიცირებული კანონპროექტის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი