ევროკავშირის მოწოდებას და ოპოზიციის მოთხოვნას, რომ სახელმწიფომ მოსამართლეების კეთილსინდისიერების დასადგენად „ვეტინგის“ სისტემა შემოიღოს პრემიერ-მინისტრი პასუხობს. ირაკლი კობახიძის განცხადებით "ვეტინგი" სამართლის უზენაესობის პრინციპს ეწინააღმდეგება, აცხადებს რომ თუ ვინმე არგუმენტებით დაასაბუთებს რომ ეს ასე არ არის საკითხს განიხილავენ.
სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა ევროკომისიის რეკომენდაციების ფუნდამენტური საკითხია - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაშია საუბარი. ვკითხულობთ, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება.
პრესსპიკერი ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად საქართველომ უნდა დანერგოს "არაორდინალური შემოწმების სისტემა", რაც გულისხმობს იმას, რომ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მოხდება სასამართლო სისტემის ყველა წამყვან თანამდებობაზე დანიშნული კანდიდატებისა და პირების შემოწმება.