ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი 2024, 12:17 1040 ნახვა

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სატენდერო დოკუმენტაცია ე.წ. დიდი ოთხეულის კომპანიებს (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) დაეგზავნათ.

უწყების განმარტებით, აღნიშნულ კომპანიებს საზღვაო სამუშაოების პროექტირებისა და წარმოების მდიდარი გამოცდილება აქვთ.

„მნიშვნელოვანია, რომ პორტის საზღვაო სამუშაოების დიდი წილი მოდის ფსკერის დაღრმავებაზე, ხოლო აღნიშნული კომპანიები გლობალური დაღრმავების/დამღრმავებელი ფლოტის 80 პროცენტს ფლობენ.

სამუშაოების შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციის ევროპულ კომპანიებთან („დიდი ოთხეული“) დაგზავნის მიზანშეწონილობა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია HAEDES B.V-სთან კონსულტაციის შედეგად გამოიკვეთა. აღნიშნული კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ სამუშაოების დროულად, საიმედოდ და მაღალი ხარისხით შესრულების, ტექნიკური დავალების მომზადებისა და შემდგომში წარმოდგენილი წინადადებების შერჩევა-შეფასების მიზნით დაიქირავა.

აღნიშნული შესყიდვისთვის გამოყენებული იქნება ერთეტაპიანი შესყიდვის პროცედურა, ლიმიტირებული საერთაშორისო საბაზრო მიდგომების გამოყენებით. მოწვეულმა პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ტექნიკური და ფინანსური მიმართულებით.

გამარჯვებულად გამოვლინდება წინადადება, რომელიც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს/შერჩევის კრიტერიუმებს და ექნება ჯამური (ტექნიკური წინადადების ქულას პლიუს ფინანსური წინადადების ქულა) უმაღლესი ქულა.

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დამაზუსტებელი კითხვების დასასმელად და კონკურენტუნარიანი სატენდერო წინადადებების მოსამზადებლად (წარმოსადგენად) მონაწილეებს 45-დღიანი ვადა მიეცათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამინისტროს განმარტებით, პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი წინადადებების ტექნიკურ და ფინანსურ ნაწილში შეფასებას უზრუნველყოფს შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ სპეციალურად შექმნილი სატენდერო კომისია, საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად.

„აქვე ნიშანდობლივია, რომ პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე და შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით, ასეთი შესყიდვები პრაქტიკაში გამოირჩევა უცხოური კომპანიების აქტიური ჩართულობით და კონკურენციის მაღალი ხარისხით, რასაც მსგავსი მასშტაბის ტენდერებში განაპირობებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დონორი ორგანიზაციების პროცედურების, მათი სტანდარტული პირობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების, ასევე გასაფორმებელი ხელშეკრულებებისათვის FIDIC-ის ტიპის სამშენებლო კონტრაქტის პირობების გამოყენება.

შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“, რომელიც 2023 წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნდა, უკვე განახორციელა მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით – განახლდა/შეიქმნა ძირითადი საპროექტო დოკუმენტაცია, დაქირავებულ იქნა საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მონაწილეობდა სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში და ამჟამად მონაწილეობს გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის წარმართვაში, რომლის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული, დაიწყება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ნაწილის სამშენებლო პროცესი. დოკუმენტაციის განახლება და პორტისთვის აუცილებელი გარკვეული სამუშაოები კერძო პარტნიორის შერჩევის პარალელურად განხორციელდება.

შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურს“ კაპიტალშენატანის სახით, გადაეცა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი.

ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, საქართველოს ტერიტორიის გავლით ახალი ტვირთნაკადების მოზიდვას, ასევე ნავსადგურის მიმდებარედ, წარმოებისა და ლოგისტიკური სერვისების განვითარებას“, - აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში