ადრე თუ გვიან, ზურაბ ადეიშვილს ქართული მართლმსაჯულების ხელი მისწვდება და სააკაშვილის მსგავსად, ისიც ციხეში აღმოჩნდება - პაპუაშვილი

13 მარტი 2024, 13:13 467 ნახვა

ზურაბ ადეიშვილი ქართული სახელმწიფოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი. მას, ადრე თუ გვიან, ქართული მართლმსაჯულების ხელი მისწვდება და ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილი, ისიც ციხეში აღმოჩნდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული მხარის მოლოდინია, რომ ადეიშვილი საქართველოს გადმოეცეს.

"როგორც იცით, გუშინ ნაფიც მსაჯულების მონაწილეობით სასამართლოს მიერ განაჩენი იყო გამოტანილი როინ შავაძის საქმეზე კიდევ ორ პირთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ როინ შავაძის მკვლელობის არგამოძიება ერთ-ერთი საკითხი იყო, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა, მთელი პროცედურული დარღვევები დაადგინა და ხელახალი გამოძიება დაგვაკისრა. ზუსტად ზურაბ ადეიშვილის პროკურორობის დროს იყო, როცა ეს საქმე ჩაიფარცხა, ქართველი ჯარისკაცი მოკლეს და შემდეგ ეს საქმე ისე ჩაფარცხეს, რომ არავინ დასაჯეს. ზუსტად ზურაბ ადეიშვილია ამ სისტემის შემოქმედი. დღეს განსაკუთრებით გვახსენდება ის რეჟიმი, რომელიც მისი ხელმძღვანელობით იყო ჩამოყალიბებული.

რა თქმა უნდა, მიუღებელია, რომ დამნაშავეებს ხვდებოდნენ და ხელს ართმევდნენ იმ კაბინეტებში, სადაც ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვსაუბრობთ კანონის უზენაესობაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, მართლმსაჯულებაზე. რა თქმა უნდა, მათი პასუხისმგებლობაა, იცოდნენ, ვის და რა თემებთან დაკავშირებით ხვდებიან. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინია, რომ ვინმემ აქამდე თუ არ იცოდა, ვინ არის ზურაბ ადეიშვილი, ამის იქით ეცოდინებათ, ვინც არის და, სულ მცირე, ასეთ შეხვედრებზე აღარ ვიხილავთ.

ჩვენი მოლოდინია, ზურაბ ადეიშვილი საქართველოს გადმოეცეს. მთავარმა პროკურატურამ განმეორებით მიმართა გერმანიასა და ბელგიას. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, ამ ტერიტორიაზე ისევ თუ აღმოჩნდება ზურაბ ადეიშვილი, იყოს დაპატიმრებული და საქართველოსთვის გადმოცემული. რაც შეეხება წითელ ცირკულარს, იცით, რომ დავით კეზერაშვილიც ამოღებულია ცირკულარიდან. ეს სამწუხარო ფაქტებია და გარკვეულ გავლენებს აჩვენებს, რის გამოც ასეთი ადამიანები ასეთ კაბინეტებში ხვდებიან. ზურაბ ადეიშვილი ქართული სახელმწიფოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი. ადრე თუ გვიან, მას ქართული მართლმსაჯულების ხელი მისწვდება და ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილი, ისიც ციხეში აღმოჩნდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი