ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად საბურავების საწყობში გაჩნდა და მალევე საცხოვრებელ კორპუსზე გავრცელდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივები ამ დროისთვის გარე პერიმეტრზე იმყოფებიან. მობინადრეების განმარტებით, რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელი ფართი და საყოფაცხოვრებო ნივთები სრულად გაუნადგურდა. ადგილზე იმყოფებიან მერიის წარმომადგენლები. ვიცე-მერის განმარტებით, მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია დაითვლის, განიხილავს და შესაბამისად მოხდება დახმარების გაწევა.