NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაცია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს აქვეყნებს

25 თებერვალი 2024, 15:34 467 ნახვა

19-25 თებერვალს საქართველოში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია იმყოფებოდა. NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული დელეგაცია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაგეგმილი ორი წინასაარჩევნო მისიიდან, პირველს წარმოადგენდა.

„მისია მიზნად ისახავდა ქვეყანაში არსებული ზოგადი პოლიტიკური გარემოს მიუკერძოებელ და ზუსტ შეფასებასა და მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესების მიმოხილვას; აგრეთვე, უფრო ინკლუზიური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საარჩევნო პროცესების ხელშესაწყობად, პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებასა და საქართველოში სანდო არჩევნებისა და დემოკრატიული მმართველობისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირებას," - აღნიშნულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ინფორმაციაში.

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნებამდე რვა, ხოლო, წინასაარჩევნო კამპანიების დაწყებამდე ექვსი თვით ადრე არაერთი დადებითი ტენდენცია შეინიშნება, მათ შორის: მოსახლეობის მიერ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ურყევი მხარდაჭერა, საზოგადოების დადებითი განწყობა პოლიციის მიმართ, მოსახლეობის აღქმით, წვრილმანი კორუფციის შემცირებული დონე, გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, სამთავრობო დადგენილებების გასაჯაროების პრაქტიკის განახლება და არჩევნების დღის პროცესების გაუმჯობესების მიზნით, ინოვაციების დანერგვა. ამავდროულად, არსებობს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს: პოლარიზაცია, სამოქალაქო საზოგადოების (მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების) წინააღმდეგ მიმართული სიტყვიერი თავდასხმები, პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით ადმინისტრაციული რესურსების არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესახებ არსებული ეჭვები და ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული კითხვები.

„ეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ პირველი არჩევნებია. შესაბამისად, საქართველოს მთავრობასა და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, დაამტკიცოს ერთგულება ინკლუზიური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული არჩევნებისა და დემოკრატიული ფასეულობების მიმართ”, – განაცხადა პერ ეკლუნდმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ყოფილმა ხელმძღვანელმა.

 

მისივე თქმით, არჩევნების საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ არჩევნების სანდოობის უზრუნველყოფასა და გლობალური დემოკრატიული სტანდარტების დაცვაში

„2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საკმარისი დრო არის დარჩენილი იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს არჩევნებისთვის ხელსაყრელი გარემო, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარების  გზაზე”, – აღნიშნა ევა ბუშამ, დელეგაციის წევრმა და NDI ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა.

 

დელეგაციის ვიზიტი საქართველოში არჩევნებამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე გაიმართა, რაც ხაზს უსვამს არჩევნების პროცესის ლეგიტიმურობისათვის საარჩევნო გარემოსა და წინასაარჩევნო სამზადისის მნიშვნელობას. 

26 ოქტომბრის არჩევნებამდე საქართველოს NDI-ის მეორე წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია ეწვევა და არჩევნებამდე რეკომენდაციების შესრულებას შეაფასებს.

ინფორმაციას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი