ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პენსიონრების, საზოგადოების ამ ჯგუფის სოციალური სტატუსი, ცხოვრების პირობები - ნათია თურნავა

23 თებერვალი 2024, 13:21 280 ნახვა

პენსიონრებისა და პენსიით უზრუნველყოფილი სესხების პრობლემატიკა ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. ზოგადად, როგორც არა მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, არამედ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე მოგახსენებთ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პენსიონრების, საზოგადოების ამ ჯგუფის სოციალური სტატუსი, ცხოვრების პირობები, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

„პენსიონრებთან მიმართებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი მექანიზმის და მათი უფლების დაცვის ნაწილში არსებული ყველა გარანტიის ზედმიწევნით აღსრულება და ჩვენ, როგორც ეროვნული ბანკი, ჩვენს ნაწილში მუდმივად ვმუშაობთ“, – განაცხადა თურნავამ.

ნათია თურმავას განცხადებით, ეროვნული ბანკი ბაზარზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დამკვიდრებას აქტიურად უწყობს ხელს, რაც მომხმარებლებს ჭარბვალიანობისგან იცავს.

,,კომერციულ ბანკებს მიეცათ წერილობითი მითითება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. საშეღავათო პერიოდის დაწესების პროცესში მხარეებს შორის არ ფორმდება დამატებითი ან/და ცვლილების შესახებ ხელშეკრულება, მომხმარებლებს დაუყოვნებლივ მატერიალური ან ელექტრონული ფორმით უნდა მიეწოდოთ გადახდების შესახებ დეტალური ინფორმაცია ან/და დაფარვის გრაფიკი. ასევე, მომხმარებლებს ინდივიდუალური საკომუნიკაციო საშუალებით უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ხელშეკრულების პირობების ცვლილების ფაქტთან დაკავშირებით და წყარო, სადაც ხელმისაწვდომი იქნება დეტალური გრაფიკი ან გადახდების შესახებ ინფორმაცია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში