რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საზღვრიდან გაბრუნების 1 795 შემთხვევა გვაქვს - ლაშა ხუციშვილი

21 თებერვალი 2024, 14:40 1477 ნახვა

რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდგომ, ფინანსთა სამინისტროს და კერძოდ, საბაჟო დეპარტამენტს განსაკუთრებულ რეჟიმში უწევს მუშაობა საქართველოს პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების აღსრულების მიმართულებით - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"საბაჟო დეპარტამენტის ეფექტური მუშაობის შედეგია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არ დაფიქსირებულა დაწესებული სანქციების დარღვევის შემთხვევები. საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, შემოსავლების სამსახურში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს უწევს სანქცირებული ტვირთებისა და პირების საკითხს საქონლის საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას. სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებული გვაქვს უარის თქმის 1 795 შემთხვევა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 1050-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მინისტრის განცხადებით, დღეისათვის აქტიურია 36 საოპერაციო რისკის პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებასა და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიცირებას.

"ჩვენი საბაჟო სამსახურების მუშაობა ამ მიმართულებით, აღიარებულია ყველა პარტნიორი ქვეყნის მიერ უმაღლეს დონეზე. სანქციების აღსრულების მხარდაჭერის მიზნით, თითოეულ საეჭვო ტრანზაქციასთან მიმართებით, მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია აშშ-ის საელჩოსთან და კომპეტენტურ უწყებებთან, ევროკომისიის DG TAXUD-თან, ევროკავშირის კრიზისების მართვის გუნდთან და უშუალოდ პარტნიორი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებთან. საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური მუდმივად ავრცელებს ოფიციალურ განცხადებებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ლაშა ხუციშვილმა საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განხორციელებულია ცვლილებები საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში, რომელიც სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს. შექმნილია მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ ბიზნესს გაუმარტივდეს საქმიანობა ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გრძელდება მუშაობა „ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების შესახებ“ შეთანხმებების გაფორმებასა და ძველი შეთანხმებების განახლებაზე. ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად, შეთანხმება ძალაშია 58 ქვეყანასთან, 2023 წელს ძალაში შევიდა შეთანხმება პოლონეთთან და ყირგიზეთთან. გაიმართა მოლაპარაკებები მონტენეგროსთან და მალაიზიასთან შეთანხმების დადების მიზნით.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, გადასახადის გადამხდელთა მიერ მოგებისა და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედებს სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, დეკლარაციების წარმოდგენისთანავე ფასდება საგადასახადო რისკის დონე, ხორციელდება გადამხდელთან კომუნიკაცია და ტარდება შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები.

ლაშა ხუციშვილის თქმით, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, სამი წარმატებული წლის შემდეგ, სრულად აღმოიფხვრა პანდემიით გამოწვეული ჩამორჩენა და ეკონომიკა დაუბრუნდა იმ ტრენდს, რომელიც პანდემიის არარსებობის შემთხვევაში უნდა ყოფილიყო.

"ეს მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ძვრების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების უმრავლესობა კვლავ განიცდის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებს ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მინისტრის განმარტებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის დონე, მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, 2024 წელს ევროკავშირის მედიანური მაჩვენებლის 45 პროცენტამდე იქნება. ასევე  განაცხადა, რომ საქართველოში 2023 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო ბოლო რვა თვის განმავლობაში, ინფლაციის მაჩვენებელი ერთ პროცენტზე დაბალ ნიშნულზე ფიქსირდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი