დარწმუნებული ვარ, ჩვენ მომავალშიც ვიმუშავებთ და ბევრ სასიკეთო შედეგს მივაღწევთ, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ პარლამენტში თქვენთან ერთად ნაყოფიერი საქმიანობისთვის, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემასთან მიმართებაში გაწეული ძალისხმევისთვის. ამ სისტემასთან მიმართებაში დარწმუნებული ვარ, ჩვენ მომავალშიც ვიმუშავებთ და ბევრ სასიკეთო შედეგს მივაღწევთ“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, ხაზგასმით აღსანიშნავია პარტიის დამფუძნებლის, საპატიო თავმჯდომარის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის როლი სახელმწიფოსათვის განგრძობადი მშვიდობის შენარჩუნებაში, ეროვნული ინტერესების წამოწევაში, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციაში და რეალურად ევროპულ ტრანსფორმაციაში.
„საამაყო და საიმედოა, რომ თავდაცვის ძალების განვითარებისთვის ვიმუშავებ უაღრესად გამოცდილ, ღირსეულ და პატრიოტ ადამიანებთან ერთად. მინდა პატივისცემა დავაფიქსირო თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ გიორგი მათიაშვილის მიმართ, მისი მოადგილეების, გენერალური შტაბის შემადგენლობის, სარდლობის ხელმძღვანელების, ოფიცრების, სერჟანტების, კაპრალებისა და რიგითების მიმართ. ჩემთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად ვიყო წარმოდგენილი თქვენს წინაშე. მინდა ამ ნდობისთვის მადლობა გადავუხადო მთელს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, საპატიო თავმჯდომარის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის როლი ჩვენი სახელმწიფოსათვის განგრძობადი მშვიდობის შენარჩუნებაში, ეროვნული ინტერესების წამოწევაში, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციაში და რეალურად ევროპულ ტრანსფორმაციაში. დიდი პატივია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბატონ ირაკლი კობახიძის ნდობა. სამშობლოსადმი მისი ერთგულება, საქმისადმი მისი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და დაუღალავი შრომის უნარი, სამაგალითოა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი პატრიოტისათვის. პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემდგომ ვუერთდები მთავრობის შემადგენლობას, თანამებრძოლებს, მეგობრებს, რომლებმაც არაერთი წარმატება მოუტანეს ჩვენს სახელმწიფოს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით. მადლობა მას მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგებისთვის, ქვეყნისათვის ურთულეს პერიოდში გონიერი და ძლიერი ლიდერობისთვის და რა თქმა უნდა, წარმატება ახალ სარბიელზე“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.