ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობას წარმატებით გაუმკლავდება.
„ირაკლი კობახიძე არის ძალიან წარმატებული მენეჯერი. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანია მენეჯმენტის განსაკუთრებული უნარებით, თავისი ქვეყნის მოყვარული, განსაკუთრებული ხედვებით და, შესაბამისად, გვაქვს იმის უდავო მოლოდინი, რომ ის იქნება კარგი პრემიერ-მინისტრი“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე განმარტებით, მარტივი არ არის ამ პასუხისმგებლობის აღება, მათ შორის დაუმსახურებელი ,,ტალახის სროლა'' მოდის თანამდებობის პირების მიმართ. ეს არ არის მარტივი.
„ჩვენ მართლაც გვქონდა ამ ქვეყანაში პერიოდი, როდესაც განსაკუთრებული პრივილეგია, კომფორტი, თავგასულობაც კი იყო ქვეყნის პირველი პირობა და უმაღლესი თანამდებობები - ეს 2012 წლამდე ხდებოდა. დღეს ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უდიდესი პასუხისმგებლობა, და მარტივი არ არის, ზიდო უმაღლესი თანამდებობის შესაბამისი ტვირთი. მარტივი არ არის ამ პასუხისმგებლობის აღება, მათ შორის დაუმსახურებელი ტალახის სროლა მოდის თანამდებობის პირების მიმართ. ეს არ არის მარტივი.
ასე ჟღერს ხოლმე კითხვა - რატომ უნდა თქვას ადამიანმა ასეთ კომფორტზე უარი? - ეს არ არის სწორი მიდგომა. როცა 3 წლის განმავლობაში ქვეყანა შენი პრემიერობის დროს აღწევს უდიდეს წარმატებებს და ამ პასუხისმგებლობას ასე წარმატებულად უძღვები, შემდეგ კითხვა, რომ ამ კომფორტიდან რატომ გამოვიდა, არარელევანტურია. ამას ახლავს უძილო ღამეები, პასუხისმგებლობა, რაღაცების გაძლება გვიწევს ხოლმე, განსაკუთრებით პირველ პირზე როდესაც არის საუბარი, და ამ ფაქტორს უნდა მიაქციოთ ყურადღება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.