„ქართული ოცნების“ ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს

01 თებერვალი 2024, 14:04 529 ნახვა

პარტია "ქართული ოცნების"  თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს. ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ  2011 წელს  პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნებით შექმნა სახალხო პროცესი, რომელმაც შეძლო ის, რაც მანამდე შეუძლებელი იყო.

"2011 წელს ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნებით შექმნა სახალხო პროცესი, რომელმაც შეძლო ის, რაც მანამდე შეუძლებელი იყო. დემოკრატიულად, არჩევნების გზით დაამარცხა ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ქართველი ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და სათავე დაუდო ჩვენი ქვეყნის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს.

 

ბოლო 12 წელში მთელს მსოფლიოში უდიდესი გამოწვევების, პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კრიზისების პირობებში, საქართველომ არა მხოლოდ შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, არამედ არსებითი ტრანსფორმაცია განიცადა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების, ეკონომიკური განვითარების, სოციალური თანასწორობის, ევროინტეგრაციის მიმართულებებით“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა.

„2012 წელს ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 27 მილიარდი ლარი. წელს მთლიანი შიდა პროდუქტი გახდება 86 მილიარდი ლარი. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა. ისტორიულ მინიმუმზე არის უმუშევრობისა და სიღარიბის დონე. ფაქტობრივად განახევრდა სიღარიბე.

 

2012 წელთა შედარებით, ნახევარზე მეტმა მილიონმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. გატარდა მასშტაბური რეფორმები. ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების სისტემის, სოციალური თანასწორობის, სასამართლოსა და მედიის თავისუფლების - არსებითად ყველა მიმართულებით. განხორციელდა ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მასშტაბური პროექტები. სწორედ ამ რეფორმებისა და პროექტების შედეგად, დღეისათვის საქართველო რეგიონში მოწინავე ლიდერია. მინდა ასევე შევახსენო საზოგადოებას, რომ როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ საქართველოს არავითარი ხელშესახები შედეგი არ ჰქონდა ევროინტეგრაციის გზაზე. სწორედ „ქართლი ოცნების“ ხელისუფლების დროს მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ქვეყანამ შარშან დეკემბერში მიიღო კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყრილობამდე გაიმართა პოლიტსაბჭოს სხდომა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი