ვადასტურებ, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება - მდინარაძე

29 იანვარი 2024, 18:18 378 ნახვა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

მისივე თქმით, პარტიაში თავმჯდომარის პოსტს, სავარაუდოდ, დაიკავებს ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის სამდივნოში პოლიტიკური მდივნის ადგილს კი ირაკლი კობახიძე.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, პირველ თებერვალს გაიმართება პარტიის ყრილობა და დამტკიცდება ცვლილებები.

„რაც შეეხება პრემიერის თანამდებობას, გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, განიხილება მისი კანდიდატურა, ამას დაგიდასტურებთ. ბატონმა ირაკლიმაც შეგნებულად არ ახსენა ირაკლი კობახიძის გვარი, ეს ფორმალობა რეალურ ასპექტში დასაცავია. ეს არის წესი, რომლის მიხედვითაც, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ჩვენი პარტიის წესდების მიხედვით წარუდგენს პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად და ამის შემდეგ ხდება კანდიდატი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე განცხადებით, 24 იანვარს გაიმართა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომლებიც დღეს გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი.

"მათ შორის იყო შეთავაზება პოლიტსაბჭოს მხრიდან, რომ საარჩევნო მარათონის აქტიურ ფაზაში გადასვლამდე ყოფილიყო ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და შემდეგ მომხდარიყო ეს ცვლილება გარკვეული როტაციის პრინციპით. მაგრამ მან თავად მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ ახალ პრემიერს უნდა მიეცეს საშუალება მთელი ეს პერიოდი გამოიყენოს ახალი გუნდის, ხედვების, მიდგომების ჩამოსაყალიბებლად“, - განმარტა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში