14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმეზე მოკლული მოზარდის დედის და ბიძის ეპიზოდის არსებითი განხილვა დაიწყო.გამოძიება არასრულწლოვანის დედასა და ბიძას ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სასამართლომ დღეს პირველ მოწმეს, რესურსცენტრის ხელმძღვანელს მოუსმინა. როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, გოგონას შესახებ მან ინფორმაცია მკვლელობის შემდეგ გაიგო. თავად ბრალდებულებს დღეს მომხდარი მკვლელობის შესახებ არაფერი უთქვამთ და დუმილის უფლებას იყენებენ. საგარეჯოს სოფელ ლამბალოში 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლა მამაკაცმა, რომელმაც ქორწინების მიზნით მას თავისუფლება აღუკვეთა.